|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცნობილია „სისხლის სამართლის კოდექსის“ ის მუხლები, რომლებსაც ამნისტია შეეხება

დღეს პარლამენტში ამნისტიის შესახებ ახალი კანონპროექტის ინიცირება მოხდება. ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სასჯელისგან, რომლებმაც ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულებები 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

ცნობილია „სისხლის სამართლის კოდექსის“ ის კონკრეტული მუხლები, რომლებსაც ამნისტია შეეხება.

კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ პროექტის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში), 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), 123-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით), 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით), 170-ე მუხლის (შრომის დაცვის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) პირველი ნაწილით, გარდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა, 197-ე მუხლის (ფალსიფიკაცია) პირველი ნაწილით, 197/1 მუხლით (ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება), 203-ე მუხლის (პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა) პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილებით, 206-ე მუხლით (საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას), 207-ე მუხლით (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას), 214-ე მუხლის (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 2201 მუხლის (გულგრილობა) პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 239-ე მუხლის (ხულიგნობა) პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 240/1 მუხლის (ელექტროან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა) პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის (სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 261-ე მუხლით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა, 271-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა) პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება), 273/1 მუხლის (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება) პირველი-7 ნაწილებით, 274-ე მუხლით (იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება), 281-ე მუხლის (ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 287/1 მუხლის (სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა) პირველი ნაწილით, 300-ე მუხლის (უკანონო თევზჭერა) პირველი და მე-2 ნაწილებით, 301-ე მუხლის (უკანონო ნადირობა) პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის (წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება) პირველი და მე-2 ნაწილებით, 388-ე მუხლის (სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება) პირველი და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის (დეზერტირობა) პირველი ნაწილით ან/და 398-ე მუხლით (სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება) გათვალისწინებული დანაშაული;

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინასისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) პირველი ნაწილით ან/და 236-ე მუხლის (სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის: 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 126-ე მუხლით (ძალადობა), გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 219-ე მუხლის (მომხმარებლის მოტყუება) პირველი ნაწილით ან/და 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მე-2 ან მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული;

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) პირველი ნაწილით ან/და 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ან განადგურება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინასისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 208-ე მუხლით (კრედიტის უკანონოდ მიღება) ან/და 211-ე მუხლით (ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაული.

- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) პირველი-მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული;

- უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უვადო თავისუფლების აღკვეთა გარდაექმნება ვადიან თავისუფლების აღკვეთად და ის სასჯელისაგან გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად მოიხდის თავისუფლების აღკვეთის 20 წელს.

ამნისტიის აქტი გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამასთან, გათვალისწინებულია იმ ჯარიმებზე ამნისტიის გავრცელებაც, რომელთა ამსახველი სასამართლოს აქტები მიღებულია 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და ჯარიმა ამ დროის განმავლობაში არ აღსრულებულა ან არასრულად აღსრულდა. ასეთ შემთხვევაში, ამნისტია გავრცელდება ამნისტიის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აღსრულებული. გარდა ამისა, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც გავრცელდება კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ავტორი: ნიუპრესი