"საკანონმდებლო ცვლილებები არ ეხება ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს"
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პროცესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ემიგრანტებს არ შეეხება.
"ეს ეხება იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, რომლებიც კეთილსინდისიერად სარგებლობენ უვიზო რეჟიმით და იცავენ წესებს. ასევე, როგორც მკაფიოდ განვაცხადეთ, ეს არ ეხება ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ორგანიზებას უწევს ცრუ ცნობების მომზადებასა და წარდგენას და აქედან მატერიალურ სარგებელს იღებს.
„ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება დავამუშავეთ იმგვარად, რომ ცრუ ცნობების მომზადებასა და წარდგენას ვინც ორგანიზებას უწევს და აქედან მატერიალურ სარგებელს იღებს, იმ ადამიანებს შეეხებათ ეს ცვლილება და ჩვენს მესაზღვრე პოლიციელებს მიეცემათ იგივე უფლებები, რაც აქვთ მესაზღვრე პოლიციელებს ევროპაში, რომ თუ ადამიანი ვერ ასაბუთებს სად მიდის, ვერ ასაბუთებს როდის ბრუნდება უკან, წესრიგში არა აქვს პასპორტი, ჩვენს პოლიციელებს შეეძლებათ, რომ ის დროებით შეაჩერონ როდესაც შენგენის ზონაში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მიემგზავრება“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ნიუპრესი