ცვლილებები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში შედის
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს კონსტიტუციაში და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.
შემუშავებული დოკუმენტით, საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, მმართველობა ეფუძნება ოთხ ძირითად პრინციპს: ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა როგორც ცნობილია, მმართველ გუნდში არსებული შეუთანხმებლობის მიზეზით, პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.
კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული. პრეზიდენტი სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისაგან.
კონსტიტუციაში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლეა, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.
ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებული პროექტის რიგი მუხლები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე ჩასწორდა: - პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესში ე.წ. ჭერი წესდება; პარლამენტის მიერ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სახალხო დამცველის არჩევა შესაძლოა ხმათა 3/5-ით მოხდეს; განიხილება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის დროს, პირველ ტურში, კვალიფიციური უმრავლესობითა და ღია კენჭისყრით არჩევის საკითხი.
აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ეთანხმება ქვეყნის პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა და არასამთავრობო სექტორი.
ავტორი: ნიუპრესი