ცვლილებები, რომელიც სესხის გაცემას, ჯარიმებსა და სანქციებს შეეხება
მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი წესდება. კერძოდ, მსესხებელს ყოველთვიური შენატანის ვადაგაცილების შემთხვევაში, ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაერიცხოს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
ბახტაძემ ვადაგადაცილებაზე ჯარიმების/სანქციების ლიმიტის პრინციპი განმარტა:
"ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი წესდება, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. ჯარიმის დარიცხვის არსებული პრაქტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მსესხებელს ჯარიმას სესხის საერთო თანხიდან არიცხავდა, სრულიად უპასუხისმგებლო და უსამართლოა", - თქვა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
ფინანსთა მინისტრმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ბახტაძის თქმით, მთავრობა საქართველოს მოსახლეობას შეპირდა, რომ საბანკო-საფინანსო სექტორში დაამკვიდრებდა ახალ სამართლიანი თამაშის წესებს. მან ის 5 ძირითადი პრინციპი ჩამოთვალა, რომელსაც მთავრობის ინიციატივა ეფუძნება. ესენია:
1. ყველა გამსესხებელს აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა მოითხოვოს სხვა ქონება თავისი მომხმარებლისგან;
2. ლომბარდებს და კერძო გამსესხებლებს, ე.წ. „მევახშეებს“ ეკრძალებათ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება.
3. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება 50%-ის ოდენობით, რომელიც ორჯერ ნაკლებია ვიდრე დღეს არსებული რეგულაცია 100%-სა.
4. მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს კრედიტის საერთო მოცულობიდან.
5. და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული თამაშის წესები გავრცელდება ყველაზე, მთელ ფინანსურ სექტორზე. აქ იგულისხმებიან ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები თუ კერძო გამსესხებლები, - ყველა, ვინც არის დაკავებული ფინანსური საქმიანობით.
„აქვე მინდა აღვნიშნო რომ ეს ინიციატივა ითვალისწინებს მაქსიმალური გამჭვირვალობის შემოტანას საფინანსო სექტორში, გონივრული ვადა მიეცემათ ლომბარდებს, რომ მათ თავიანთი საქმიანობა დახვეწონ, განავითარონ და შექმნან ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც აღრიცხული იქნება ყველა დაგირავებული ნივთი, რომ ჩვენ გამოვრიცხოთ კრიმინალური მომენტების ალბათობა.
აქვე, ვითვალისწინებთ იმას, რომ არსებობს ძალიან დიდი ინტერესი ამ ინიციატივის მიმართ, შესაბამისად 29 მაისს მე ვგეგმავ გავაკეთო პრეზენტაცია, სადაც ბუნენრივია საშუალება გვექნება, დეტალურად ვისაუბროთ ამ პრინციპებზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ავტორი: ნიუპრესი