წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან
გასულ კვირას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც კახეთის რეგიონში ყურძნის კრეფისა და დაბინავების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კახეთში რთველი შეუფერხებლად, თანმიმდევრულად და წარმატებით მიმდინარეობს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო განსხვავებული ფასის განსაზღვრა მაღალკონდიციურ და არაკონდიციურ ყურძენზე, რამაც ხელი შეუწყო ხარისხიანი ყურძნის ჩაბარებას, მიუხედავად ამინდისა. ქარხნების და ღვინის მარნების მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რთველის პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, თანმიმდევრულად და წარმატებით. ყველა მევენახეს აქვს შესაძლებლობა, ჩააბაროს ყურძენი. ხარისხიანი ყურძენი, თავისთავად, ხელს უწყობს ხარისხიანი ღვინის დაყენებას, რაც ცალსახად არის გარანტი ექსპორტის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობების, ახალი ბაზრების ათვისების და კონკურენტუნარიანობის გაზრდის. ეს ყველაფერი, ჯამში, ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
30 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 163 ათასამდე ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მოსავლის დაბინავებაკახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 78 ათასამდე ტონა რქაწითელი, 74 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 550-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ერთვებიან; აქედან 330 რთველში სხვადასხვა ეტაპზე იყო ჩართული.
წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელ ხაზზე – 0322 193 283.
ავტორი: