რა იცვლება სარჩევნო კოდექსში? - შემოდის ელექტრომთვლელი მანქანები, გადათვლის სავალდებულო 10 პროცენტი
რას ითვალისწინებს ახლადინიცირებული საარჩევნო რეფორმა? სიახლეს წარმოადგენს ელექტრომთვლელი მანქანები, გადათვლის სავალდებულო 10 პროცენტი, გასაჩივრების ვადები, ცესკოს დაკომპლექტების წესი თუ სხვა საკითხები, მნიშვნელოვანია ასევე სავალდებულო ბარიერის თემა.
"მოქალაქეების" ერთ- ერთი ლიდერის, ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის თქმით, კანონპროექტის მიღებამდე 2 თვეა დარჩენილი და ოპოზიციას ცვლილებების შეტანა თუ უნდა პროცესში უნდა ჩაერთოს.
"დაახლოებით 2 -თვიანი ვადა გვაქვს, რომ დოკუმენტი იქცეს კანონად. ამ ცვლილებების თანახმად შემოდის ელექტრომთვლელი მანქანები, გადათვლის სავალდებულო 10 პროცენტი, რეგისტრაციის ელექტრონული მექანიზმები, თითის ანაბეჭდები და უამრავი სხვა რამ, რომელიც არჩევნების დღეს პრაქტიკულად გაყალბებას დაიყვანს მინიმუმამდე. არჩევნების დღეს ჩარევა და მანიპულაცია იქნება ძალიან რთული. ეს, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ვერ მოხსნის, ვერ მოხსნის პრობლემებს, რომელიც უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს, მოსყიდვას, გავლენას და ზემოქმედებას, მაგრამ არჩევნების დღეს პრობლემები უნდა იყოს მინიმიზირებული, რომ მეორე დღეს აღარ დაგვხვდეს გადასწორებული ოქმები, ასეთი უნდობლობა, როგორიც ახლა გვქონდა და საბოლოო ჯამში ის აღარ გახდეს მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების და ჩვენი საზოგადოების დაპირისპირების საგანი,"- განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა და დაინიცირდა, ასახავს მთლიანად ოპოზიციის მიერ მიღწეულ შედეგს, რაც ხდებოდა ფასილიტაციით მოლაპარაკებების დროს. ხოლო თუ ვინმეს მეტის ამბიცია აქვს და ამის განხორციელებას შეძლებს, "მოქალაქეები" ამას მიესალმებიან.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მომხრეა ცესკო-ს დაკომპლექტება სრულად პროფესიული ნიშნით მოხდეს, მეორე ნაწილი შერეული წესის მომხრეა. პოლიტიკური პარტიების ინტერესია, რომ ჰყავდეთ თავიანთი წევრები. ოპტიმალური ვარიანტია შერჩეული - შერეული წესი, სადაც პროფესიული ნიშნითაც არიან წევრები და ასევე პარტიებსაც ეყოლებათ საკუთარი წევრები და ეს არის პარიტეტის საფუძველზე.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემის დანერგავს ითვალისწინებს.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების თანახმად, ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა მომდევნო არჩევნებში საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაციას, ხმის მიცემას, ხმის დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს ელექტრონული საშუალებებით განახორციელებს.
ასევე, ცესკო უზრუნველყოფს ყველა უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტორნული რეგისტრატორით და უზრუნველყოფს საარჩევნო ოლქების სულ მცირე იმდენ უბანში ელექტორნული მთვლელით ბიულეტენების დათვლას, რამდენიც საჭიროა ამ ოლქის სოციოლოგიურად ვალიდური შედეგების გამოსავლენად.
“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილბებით, საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 7 წევრით განისაზღვრება, რომელთაც შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, იმ პირობით, თუ მხარს დაუჭერს, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული 3 წევრი მაინც.
“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, გასაჩივრების ვადები იზრდება.
კერძოდ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს 4 კალენდარული დღის ვადაში იხილავს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს 2 კალენდარული დღის ვადაში იხილავს. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ასევე, შესაძლებელი გახდება ცესკოს თავმჯდომარის, აგრეთვე ცესკოსგან უფლებამოსილი პირების (თანამდებობის პირების) მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების 2 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრება სასამართლოში, რომელიც საჩივარს 10 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს.
რაც შეეხება ხმების 10 პროცენტის სავალდებულო გადათვლას -იმის მიუხედავად, იქნება თუ არა საჩივარი, 73-ვე საარჩევნო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 საარჩევნო უბანი. პროექტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიას უფლებამოსილებად გაიწერება შემდეგი ვალდებულება: კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევის წესით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების კომისიებიდან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები.
აღნიშნული, წარმოშობს ვალდებულებას გადათვლილ იქნეს უბნების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%. სავალდებულო 10%-ის გადათვლასთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილი ხდება, განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპრპოექტს ეუთო/ორისში გაგზავნის.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფში ჩართულ მხარეებს, შინაარსობრივი ხასიათის შენიშვნები აღარ აქვთ და ძირითადად ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციებზე საუბრობენ.
„სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას, რომ დაიხვეწოს ეს პროექტი. დაახლოებით 2 თვე გვაქვს წინ, სანამ პარლამენტი სამი მოსმენით მიიღებს კანონს. ამასთნ, ვაპირებთ პროექტი გავაგზავნოთ ეუთო/ოდირში, რომ მივიღოთ რეკომენდაციები.
რაც შეეხება ბარიერის საკითხს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენი მხრიდან თანხმობაა 5-დან 3 პროცენტამდე ჩამოწევაზე, ამ კუთხით გარანტირებულია ჩვენი მხარდაჭერა, თუკი შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს პარლამენტში, რაც შეეხება 3 პროცენტს ქვემოთ ჩამოწევას, აქ ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის,"- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, კანონპროექტის ერთ პუნქტს, რაც უკავშირდება ბარიოერის საკითხს, სჭირდება ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლა.
ავტორი: ნიუპრესი