"დაავადება ყურადსაღებია აუცილებლად, იმედი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება კუპირება"
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში აღნიშნული ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ თეორიულად გავრცელების საშიშროება მაინც არსებობს.
„დღევანდელი ინფორმაციით, დაფიქსირებულია დაახლოებით 300-მდე შემთხვევა და აქედან 6 ლეტალურად დასრულდა. დაავადება აღინიშნა ვუჰანის ნაწილში, სადაც თევზეულით მოვაჭრეთა ნაწილია განთავსებული. დღევანდელი რიცხვით შემთხვევები ექსპორტირებულია უკვე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. დადგინდა ასევე, რომ ხდება გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე და ძირითადი კლინიკური გამოხატულება ამ ვირუსის მიერ გამოწვეული დაავადებისა არის ანალოგი ნებისმიერი რესპირატორული ინფექციით გამოწვეული დაავადების - ხველა, თავის ტკივილი, ცხელება და სუნთქვის გაძნელება. ამას გარდა, მიმდინარეობს ხშირად გართულებით, როგორიც ფილტვების ანთებაა. დღევანდელი მაჩვენებლით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ია“, - ამბობს გამყრელიძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ლეტალური მაჩვენებელი 50 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფშია და თითქმის ყველა შემთხვევაში ადგილი აქვს თანმდევ მძიმე ქრონიკულ დაავადებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნება საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც გაანალიზდება არსებული მონაცემები და კომიტეტი მიიღებს რეკომენდაციებს ქვეყნებისადმი.
„დღეს არ არსებობს არავითარი აკრძალვა, რაიმე სახის მოგზაურობებზე ამ ქვეყნებში ან ქვეყნებიდან, არც სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით, გარდა ჩრდილოეთ კორეისა. დღევანდელ სხდომაზე ალბათ ბევრი სხვა რეკომენდაციები გაჟღერდება. დაავადება ყურადსაღებია აუცილებლად, დიდი იმედი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება კუპირება. თუმცა მზადყოფნა გლობალურადაც და ჩვენს ქვეყანაშიც უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს უკვე შიდა კონსულტაციები და შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა განხორციელდეს, რა უნდა გააკეთოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და რა უნდა გაკეთდეს მთლიანად ქვეყანაში. სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, სადაც წარვდგებით ჩვენი წინადადებებით და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად იქნება კოორდინირებული მუშაობა და პასუხი, გადავწყვეტთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ნიუპრესი