დაფიქსირდა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში შეჭრა -ცესკო
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტები გახშირდა, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი აცხადებს.
მისი თქმით, დაფიქსირდა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში შეჭრა, ისე კომისიის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, სიძულვილის ენა, მათ საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მცდელობას პროვოკაციის მოწყობის მიზნით.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედებები ხელს უშლის საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად აზიანებს საარჩევნო პროცესს.
„ეს არის არამხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მიყენების მცდელობა და ცალსახად მიზანმიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობის დაკარგვისა და რეპუტაციის დაზიანებისკენ," - განაცხადა იოსელიანმა.
ავტორი: ნიუპრესი