|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დაგვიანებული ცისფერყანწელი“ პოეზიის ქალაქიდან

ქართველი კლასიკოსების ფოტოები, ნახატები, სკულპტურები, ორიგინალი ხელნაწერები, წერილები, წიგნები და აფხაზეთიდან ჩამოტანილი მიწა, ეს არა სრული ჩამონათვალი იმ ნივთებისა, რომლებიც მერაბ კვიცარიძის სამუშაო ოთახშია.  რესპოდენტი  ერთი ამოსუნთქვით გვიყვება ყველა ნივთის ისტორიას.

მერაბ კვიცარიძეს თავისი საქმიანობით ქვეყნის მასშტაბით იცნობენ, ექიმი, პოეტი, ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატი, ქველმოქმედი, საპატიო ქუთაისელი და „დაგვიანებული ცისფერყანწელი“ „ცისფერყანწელთა“ ქალაქიდან. ზეპირად იცის 1 200 ლექსი და „ცისფერყანწელთა“ ცხოვრება და შემოქმედება. ასევე არის პროექტის „საქართველო წერს „ვეფხისტყაოსანს“ ავტორი.

ვინაიდან 2016 წელი “ცისფრეყანწელთა“ და შოთა რუსთაველის წლადაა გამოცხადებული,  ამჯერად მას სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ.

„ცისფერყანწელებზე“  ბევრი შემიძლია ვისაუბრო. 13 ახალგაზრდა (ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი, და შალვა კარმელი) 1916  წელს გაერთიანდა. მათ შემოიტანეს სიმბოლიზმის განცდა საქართველოში. ქონდათ პრინციპი, როგორ უნდა ეცხოვრათ. მათ ხელოვნურობის პრიმატი მხატვრულ შემოქმედებასა და ცხოვრებაში გადაიტანეს. ჰქონდათ ორიგინალურობა,  საკუთარი "მეს" გამორჩეულობის, განსაკუთრებულობის შეგრძნება. ძმებივით ცხოვრობდნენ და ქალაქის პოეტურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს. დააარსეს პოეტური ნიღბების სიყვარული, მაგალითად, სხვად ყოფნის მისტერია, საკუთარი შინაგანი სამყაროს წვდომა. არაორდინალური ცხოვრებით საკუთარი სამყაროს მისტიურობაში შეჰყავდათ ხალხი. მაშინდელ ქუთაისის საზოგადოებას გარიყული ყავდა, არ მოსწონდათ, რადგანაც ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდნენ... უყვარდათ ქეიფი, პოეზიის საღამოები, სხვების დახმარება, ჟურნალ–გაზეთების გამოცემა, რომელიც იმ დროის  დიდი მიღწევა იყო. სპეციალურად, გამორჩეულად იცმევდნენ. მათი შემოქმედების გაცნობისას თუ არ გავითვლისწინებთ იმ პრინციპებს, სხვაგვარად ვერ გავიზიარებთ მათ ხელოვნებას“,–გვიყვება მერაბ კვიცარიძე.

კითხვაზე, არის თუ არა დღეს „ცისფერყანწელთა“ სულისკვეთება, რითაც ეს ადამიანები იყვნენ გამორჩეული, გვპასუხობს:

„განსხვავებული მეგობრობა ჰქოდათ. პაოლი იაშვილის ოჯახი შეძლებული იყო და ეხმარებოდა მეგობრებს.  ტიციანმა და ნინამ ჯვარი დაიწერეს 1920 წლის 14 იანვარს, ტიციანმა თაფლობის თვე საავადმყოფოში გაატარა.  პაოლომ გადაუხადა მას ქორწილი, თამადა იყო და თვითონ დაკერებული შარვალი ეცვა.

არსებობს ოთხი ჯ–ს ალიტერაცია, „დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის  ტარებით, ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯის ქაჯად გადაგვარებით“-  რაც ნიშნავს, ჯერ-ჯერობით ჯიბოს ჯიბით - პაოლო იაშვილის მამის ფულით იყვნენ.

ცნობილია, რომ პაოლომ თავი მოიკლა  1937 წლის ივნისში.  „გავიდა სახლიდან სანადიროდ,  წაიღო თოფი, ძაღლი არ წაიყვანა, რადგან მონადირეც თვითონ იყო და სამიზნეც. ესროლა თავის თავს და ეპოქას მოარტყა“-ამბობს კვიცარიძე.   პაოლომ პროტესტის ნიშნად მწერალთა კავშირის ზემო სართულზე მოიკლა თავი. მის გასვენებაში მისვლა აკრძალული იყო, ნათესავებისთვის სპეციალური საბუთები დაუშვეს.  13 მეგობრიდან ერთადერთმა კოლაუ ნადირაძემ გაბედა მისვლა. მან თქვა, „მეგობრის გასვენებაში „პრაპუსკით“ არ დავდივარო“ და სიცოცხლე სასწორზე შეაგდო. ლავრენტი ბერიას რომ მოახსენეს, უთქვამს, „ხომ ხედავთ, პაოლოს ერთი ძმაკაცი ყოლია“, იმ ერთადერთობამ გადაარჩინა კოლაუ, თუმცა მეორე ვერსიაც არსებობს ამ ამბის. ბერიას უთქვამს; „ყოჩაღ კოლაუ, ხელი არ დააკაროთ მას“. ტრაგიზმით სავსე ხალხია, ტიციანის საფლავი დღეს არავინ იცის. შალვა კარმელი, რომელსაც „ნიბლია“ შეარქვეს,  მერიის გვერდით იყო დაკრძალული და გადაასვენეს საფიჩხიის სასაფლაოზე, სადაც დავდივარ და ვუვლი.  ძირითადად, 37 წელს შეეწირნენ. ყველაზე დიდხანს იცოცხლა კოლაუ ნადირაძემ. მის შესახებ დაიწერა წიგნი „უკანასკნელი ცისფერყანწელი“.

ამბობს, რომ „ცისფრეყანწელთა“ განცდა მასში სტუდენტობის დროს შევიდა და მას შემდეგ გრძელდება. მისი ორგანიზებით გაიმართა არაერთი ღონისძიება და არაერთი პროექტი.

„ჩემში სტუდენტობის დროს „შემოვიდნენ“. მას შემდეგ მათი ცხოვრებით ვცხოვრობ. სამაგალითონი იყვნენ ჩემთვის. ვკითხულობდი ყველაფერს მათზე. დღეს ნაკლებად არის მათი სულისკვეთება. მათ საიუბილეო წელს ქალაქი კარგად გამოეხმაურა; დაიბეჭდა ბროშურა, დაიდგა არაჩვეულებრივი სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში. გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები, მაგრამ ეს არაა საკმარისი. სკოლებში საჭიროა მეტი პოპულარიზაცია, მეტი უნდა იცოდნენ ბავშვებმა მათი სულისკვეთების შესახებ. მე ამ ცხოვრებით ვცხოვრობ. „ცისფერყანწელები“ ეტაპობრივად თბილისში გადაბარგდნენ. ქუთაისმა დედაქალაქს სამჯერ გადაუსხა სისხლი, 20–იან,  60–იან  და 80–იან წლებში. კიდევ ჭირდება, მაგრამ გაუშრა, ქუთაისს მეტი აღარ აქვს, მე ამ „სისხლის გაშრობაში“ მონაწილეობა არ მიმიღია. ათჯერ რომ დავიბადო, ათივეჯერ ქუთაისში ვიცხოვრებ, ათივეჯერ  ექიმი ვიქნები და ათივე ჯერზე ქეთი ჯუღელი იქნება ჩემი ცოლი, ამ სამ პირობას ვიცავ. 2016 წელი „ცისფერყანწელთა“ წლად გამოცხადდა, თუმცა ყოველი წელი მათი წელია“.

მისი მხარდაჭერით არაერთი სახლ-მუზეუმი მოეწყო და მოწესრიგდა.

მერაბ კვიცარიძეს გამორჩეული დამოკიდებულება აქვს შოთა რუსთაველის მიმართ,  განმარტავს, რომ  რუსთაველი იყო მიწაზე ჩამოსული ღმერთი.

„კაცობრიობა ეძებს რუსთაველის საფლავს, ზოგს ჰგონია გელათში, ზოგს სამხრეთ საქართველოში, ზოგს პალესტინაში, ზოგს ისრაელში... სანამ კაცობრიობა იარსებებს,  რუსთაველის საფლავს ვერ ნახავს. ის ჩამოვიდა ციდან, ფეხი არ დაუდგამს მიწაზე, დაწერა „ვეფხისტყაოსანი“ და წავიდა ცაში. ღმერთებს მიწაში არ ეძებენ!  ჩვეულებრივი ადამიანის თვალი აღიქვამს 40–მდე ფერს. რუსთაველმა თქვა, გვაქვს უთვალავი ფერითა,  უთვალავ ფერს ღმერთები ხედავენ, „ვეფხისტყაოსანი“ მეხუთე სახარებაა, ჩემთვის პირველი!..“

მერაბ კვიცარიძის ინიციატივით ოთხი წლის წინ დაიწყო პროექტი „საქართველო წერს ვეფხისტყაოსანს“.  სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები თითო სტროფს წერენ, ამ დროისთვის დაწერილია 801 სტროფი, პირველი სტროფი მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა დაწერა.

„ვაკეთებთ 1957 წლის გამოცემით, რომლის მიხედვითაც 1669 სტროფია და არის აკაკი შანიძის, კორნელი კეკელიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქტირებით. როდესაც დასრულდება, შეიკრება და გამოიცემა წიგნად, დისკთან ერთად, სადაც ყველა გადამწერის შესახებ იქნება ინფორმაცია. ღამით გადავიპარე აფხაზეთში და ხუთ აფხაზს დავაწერინე. პირველი სტროფი დაწერა ჭაბუა ამირეჯიბმა, ბოლო სტროფს დაწერს ჩემი შვილი. ეს წიგნი დარჩება სამემკვიდრეოდ განძი ჩემი შექმნილი“,–განაცხადა მერაბ კვიცარიძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა