დევნილებისათვის ბინების გადაცემის საკითხი უკმაყოფილების მიზეზი გახდა [VIDEO]
სასტუმრო "მთის ბროლში" მცხოვრები ფოთოლა ნემსიწვერიძე დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
„იმედი მქონდა, რომ წელს ბინას მივიღებდი. უკვე მერამდენედ გადამწერეს. ამ შენობას რომ მიმაწერეს, მითხრეს, რომ სტატუსი გაქვს, ნომერი და ბინას აუცილებლად მიიიღებო. შენობა ამორტიზირებულია და უნდა დაინგრესო. მე რას მიპირებენ, ვერ გავიგე, სადღაც გადაგიყვანთო, ხელმეორედ რიგში უნდა ჩავდგე. სამი შვილის დედას მარტო მიწევს ცხოვრება - ერთი ბიჭი ავტოკატასტროფაში დამეღუპა, დანარჩენებმა ოჯახი შექმნეს. 64 წლის ვარ, მოვესწრები თუ არა საკუთარ სახლს, ღმერთმა იცის", - განაცხადა ნემსიწვერიძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისში, სასტუმრო "მთის ბროლში" მცხოვრებ დევნილებს გუშინ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი შეხვდა. მისი განცხადებით, შენობა ავარიულია და უნდა დაინგრეს. სასტუმროში რეგისტრირებული დევნილები კი ბინას უახლოეს მომავალში მიიღებენ, ხოლო ისინი, ვინც სასტუმროში რეგისტრირებულთა სიაში არ აღმოჩნდნენ, ბინას სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით მიიღებენ. მანამდე კი მათ სხვა შენობაში გადაიყვანენ. მინისტრის განცხადებით, უსახლკაროდ არავინ დარჩება.
ქუთაისში 2017 წლის თებერვალსა და მარტში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 387 დევნილ ოჯახს გადაეცემა. აქედან 160 ოჯახს სამინისტროს მიერ აშენებულ, 184 ოჯახს აღმაშენებლის ქუჩაზე მენაშენებისგან გამოსყიდულ, ხოლო 43 ოჯახს ერისთავის ქუჩაზე ასევე მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსში მიეცემა.
ქუთაისში სულ 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრები 140 დევნილი ოჯახი ბინას ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი




11:28
12:35
















