|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობიდან" "ევროპულ საქართველოში" - დავით გოგისვანიძის პოლიტიკური წარსული

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი" აგრძელებს მკითხველისათვის ქუთაისის მერობის კანდიდატების პოლიტიკური წარსულის გაცნობას.

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის შემდეგ "ევროპული საქართველოს" კანდიდატის პოლიტიკური წარსულის ძირითად მომენტებს შეგახსენებთ.


საარჩევნო ბლოკის “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”  სახელით ქუთაისის მერობისათვის დავით გოგისვანიძე იბრძვის.  გოგისვანიძე პარტიის ლიდერებმა ქუთაისელებს 14 სექტემბერს წარუდგინეს.

მერობის კანდიდატი თავის ძირითად აქტივად თვითმმართველობაში საქმიანობის შედეგად მიღებულ გამოცდილებასა და მენეჯერულ უნარს ასახელებს: "ვარ სამი მოწვევის საკრებულოს წევრი, ძალიან ბევრ პროექტებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომლებიც დიდი ტემპით მიმდინარეობდა ქალაქში და დღესაც თვალსაჩინოა ქუთაისში ჩამოსული ნებისმიერი ადამიანისათვის, ამ გამოცდილებას გამოვიყებებ იმისათვის, რომ ვიბრძოლო ღირსეულად და დავამარცხო დღევანდელი გაკოტრებული ხელისუფლება", -განაცხადა გოგისვანიძემ ნიუპრესთან საუბარში.

ქუთაისის საკრებულოს სამი მოწვევის წევრი, დავით გოგისვანიძე პროფესიით ექიმია.
პირველად გოგისვანიძე საკრებულოს წევრი 2006 წელს გახდა, 2010 წელს კი 3164 ხმით (66.64%) მან  მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი გამარჯვების ოლქში მოიპოვა. ამჟამად ის მოქმედი საკრებულოს წევრია.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული სიით მოხვდა და  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო. 
ნაციონალური მოძრაობის გაყოფის შემდეგ, გოგისვანიძე „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა. მასთან ერთად ევროპულ საქართველოში ამირან ძოწენიძე გადავიდა. მომხდარმა ფაქტმა საკრებულოს ფრაქციის დაშლა გამოიწვია, თუმცა ფრაქცის დატოვების გადაწყვეტილება პარტიიდან წასულებს ადვილად არ მიუღიათ. 
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია უკლებამ ბრიფინგი გამართა და გოგისვანიძეს და ამირან ძოწენიძეს ფრაქციის დატოვებისკენ ამგვარი ფორმით მოუწოდა. ამით უარყო დავით გოგისვანიძის წინადადება, ფრაქციისთვის ნეიტრალური სახელი შეერჩევისა და ერთიანი ძალებით საქმიანობის გაგრძელების შესახებ.

„მოვუწოდებთ მათ დატოვონ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ჩვენი პარტიის სახელით ხელფასი სხვა პარტიის წევრებს არ უნდა ერიცხებოდეთ“, -განაცხადა გია უკლებამ.

გოგისვანიძემ აღნიშნულ განცხადებას „უნამუსობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ბენეფიტებს ფრაქციიდან არავინ იღებდა. 
"მე პრობლემას ვერ ვხედავ. არ უნდათ მუშაობა? ავტომატურად იქნება დაშლილი ფრაქცია. რაც შეეხება ბენეფიტებს, ესეც უნამუსობაა მათი მხრიდან. წლების განმავლობაში არც ერთი პიროვნება არ სარგებლობდა ამ ბენეფიტებით. ამით სარგებლობდა ქუთაისის "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაცია. ჩემგან პირადად, იმ ბენეფიტზე მეტი სარგებელი ნახა ქუთაისის ადგილობრივმა ორგანიზაციამ.


გოგისვანიძის სახელს უკავშირდება 2012 წელს მედიასთან დაკავშირებული ინციდენტი, როდესაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესისა" და "ახალი გაზეთის" რედაქციას მოულოდნელად ოფისი დაატოვებინეს. საოფისე ფართი, რომელშიც განთავსებული იყო რედაქცია, დავით გოგისვანიძის სიდედრს ეკუთნოდა. ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის შემდეგ, სადაც ჩაერთო გაზეთის მთავარი რედაქტორი ია ბობოხიძე და ქუთაისში გამართული "ქართული ოცნების" აქციის შესახებ ისაუბრა, სახლის მეპატრონემ  შენობის დატოვება მოითხოვა.

"ვისაუბრე, რამდენად მასშტაბური იყო ეს აქცია და როგორი განწყობა შეინიშნებოდა. ჩართვის დასრულებისთანავე ჩემთან მოვიდა მეპატრონე და ოფისის დაუყოვნებლივ დაცლა მომთხოვა. მისი სიტყვებით, "გაქანებულ ოპოზიციონერს" მის სახლში არაფერი ესაქმება, რადგან ოჯახის სიძე დავით გოგისვანიძე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური სახეა", - განაცხადა მაშინ ია ბობოხიძემ.

2013 წელს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარეობის პერიოდში მედია დავით გოგისვანიძის მიერ თანაპარტიელის, ცემის ფაქტზე ალაპარაკდა. ცემის მიზეზად,  ფრაქცია „ნაციონალების“ წევრის მიერ თანაგუნდელებთან შეუთანხმებელი განცხადების გაკეთება დასახელდა. გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ცემის ფაქტს ორივე მხარე  უარყოფდა.


 ქუთაისის მერის პოსტზე დავით გოგისვანიძის კანდიდატურა პარტიის შიგნით სხვადასხვა დროს განიხილებოდა.  2012 წელს კი, მას შემდეგ, რაც ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ თანამდებობა დატოვა, მერის პოსტზე დავით გოგისვანიძის კანდიდატურას მოიაზრებდნენ. ამ ფაქტის შესახებ, მაშინდელი მმართველი გუნდი კომენტარს ღიად  არ აკეთებდა, თუმცა, როგორც ოპოზიცია აღნიშნავდა, გოგისვანიძის მერად არჩევა გია თევდორაძის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე იყო დამოკიდებული.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კი "ევროპული საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, რომელიც ცენტრალურმა ოფისმაც გაიზიარა, დავით გოგისვანიძის კანდიდატურა შეირჩა. 
 "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისელ ამომრჩეველს პრობლემების ოპერატიულად და სწრაფად მოგვარებას პირდება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე