|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დიპლომატიიდან მერობის კანდიდატობამდე - გრიგოლ ვაშაძე

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი" ქუთაისის მერობის კანდიდატების პოლიტიკურ წარსულს გაგაცნობთ.

ქუთაისში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მერობისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძვის. იგი კანდიდატად 8 სექტემბერს ენმ-ის  პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წარადგინა. მელიამ ვაშაძეს სრული ნდომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ქუთაისს ისეთი მასშტაბური სახის პოლიტიკური ფიგურა სჭირდება, როგორიც გრიგოლ ვაშაძეა.

”იმისათვის, რომ ქუთაისმა კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა დაიბრუნოს, ქუთაისისადმი განსხვავებული მიდგომაა საჭირო. ქუთაისს სჭირდება მასშტაბური პოლიტიკური ფიგურა. სჭირდება ადამიანი, რომელიც მოიძიებს რესურსებს და ინვესტიციებს ქუთაისელების საკეთილდღეოდ. სჭირდება ადამიანი, რომელიც ქუთაისს მოაქცევს საყოველთაო ყურადღების ცენტრში. აღნიშნა მელიამ.

ვაშაძის თქმით კი, ქუთაისისთვის წარმატების მოტანა იმ ერთგულებას, სიმართლესა და ცოდნას შეუძლია, რაც ენმ-ს ახასიათებს.


 „ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ არ გავაყალბებინებთ და არ მოვაპარინებთ არცერთ ხმას. ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე, პატიოსნება, ერთმანეთის ერთგულება, ცოდნა, პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.“

გრიგოლ ვაშაძის მიერ გავლილი გზა, ქუთაისის მერობის კანდიდატობამდე კი ასე გამოიყურება;

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში მუშაობის შემდეგ ვაშაძემ ბიზნეს სექტორში გადაინაცვლა და 1990-დან 2008 წლამდე მის მიერ დაარსებულ კომპანიებს "Georgia Arts Management" და "Gregory Vashadze and BR"-ს ხელმძღვანელობდა. რუსეთში 30 წლიანი ცხოვრების შემდეგ, ვაშაძე მეუღლესთან, ნინო ანანიაშვილთან ერთად საქართველოში 2004 წელს ბრუნდება. მან რუსეთის მოქალაქეობა 2010 წელს დათმო. როგორც ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რუსეთის მოქალაქეობის დატოვება მისი მეუღლის ნინო ანანიაშვილის გამო გაუჭიანურდა.

„ყველას გვქონდა ილუზია, შეიძლება, ვითარება გამოსწორდეს, რუსეთში ქართული ხმა უნდა ისმოდესო, მაგრამ ეს ილუზია მე და ნინოს 2004 წელს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ, მოგვესპო. კიდევ ერთი მიზეზი დიდი თეატრი იყო, რომელიც ნინოს სახლი გახლდათ _ იქ ის ხალხი მუშაობდა, ვინც ნინო გაზარდა და მეორე დედობა გაუწია. რუსეთის მოქალაქეობაზე უარი რომ მეთქვა, პრობლემები ნინოსაც შეექმნებოდა, მისი გზა ვარდებით მოფენილი არც ისე ყოფილა _ დიდ თეატრში ქართველი სუპერვარსკვლავი და პრიმაბალერინა ბევრს არ ახარებდა.  2004 წელს, ერთმანეთს ვუთხარით, საქართველოსა და რუსეთს შორის ომი გარდუვალია, ამიტომ საქართველოში უნდა წავიდეთო. ყველაფერი გავყიდეთ და წამოვედით, თან პრეზიდენტმა ნინოს ოპერისა და ბალეტის თეატრის მიხედვა იგივე არგუმენტით სთხოვა, ყველაფერი კარგად რომ იქნება და მაშინ ჩამოხვალ, ეგ რა ჩამოსვლაა, ახლა ჩამოდი, როდესაც სამი მოცეკვავე ბალეტის ერთ წყვილ ფეხსაცმელს იყოფსო... 2004-ში დავბრუნდით და ვიცოდით, რომ რუსეთში ჩვენი ისტორია დამთავრდა. ძალიან ბევრი საქმე დაუმთავრებელი დაგვრჩა _ ქვეყანაში 30-წლიანი ცხოვრების შემდეგ, ყველაფრის ერთ წამში მოთავება ადვილი არაა. 2009 წელს, მოქალაქეობაზე უარის თქმის განცხადება კონვერტში ჩავდე პასპორტთან ერთად და ბატონ მედვედევს გავუგზავნე, რომელიც მაშინ პრეზიდენტი იყო. წელიწადზე მეტი დასჭირდათ, რომ პასუხი გაეცათ. ბოლოს, ძალიან სასაცილო პასუხი გამომიგზავნეს, რომელიც ახლაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დევს _ არაა ნახსენები, რომელი ორგანოს რომელი ბრძანების საფუძველზე გააუქმეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა”,-ამბობს ვაშაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გრიგოლ ვაშაძე 5 კვირის განმავლობაში კულტურის მინისტრის პოსტს იკავებდა, ხოლო 2012 წლის 25 ოქტომბრამდე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

2013 წელს გრიგოლ ვაშაძემ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ანალიტიკური ინტერნეტ გაზეთი „ივერია“ დაარსა. იმავე ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ესაუბრებოდა თუ არა ის საქართველოს მომავალ პრემიერს, ან პრეზიდენტს, ვაშაძემ ასეთი პასუხი გასცა:
„,ივერია'' სხვა დანარჩენისგან იმით განსხვავდება, რომ შეიქმნა, როგორც გაზეთი. პოლიტიკაში წასვლა არავის უნდოდა და, შესაბამისად, არც პირადი პოლიტიკური გეგმა მაქვს. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ქართულ მედიასივრცეში ის რესურსი გაჩენილიყო, სადაც პროფესიონალები მკითხველს მოუყვებოდნენ, პერსპექტივაში რას ნიშნავს ახალი ამბავი, რომელიც მათ გაიგეს ახალ ამბავთან ერთად, ანალიზიც უნდა მიაწოდო. მაგალითად, ყბადაღებულ ტერორისტულ და არაადამიანურ ,,აი-სი-სიზე'' ,,ივერია'' წელიწადნახევარია წერს... მოკლედ, ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია კი არა, საზოგადოებრივი მოძრაობა ვართ, ამიტომ კითხვაზე, რომელიც პირად ამბიციებს ეხებოდა, მარტივად გიპასუხებთ: ჩვენი საქმეა, ქვემოდან შეიქმნას ორგანიზაცია, რომლის წევრებიც წესდებას, პროგრამასა და მმართველ ორგანოებს განსაზღვრავენ და დაამტკიცებენ.”

2015 წლის მაისში, რუსთავი 2-ზე გასულ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას კითხვაზე, იგეგმებოდა თუ არა ენმ-ის ყოფილი წევრების გადასვლა საზოგადოება "ივერიაში", ვაშაძემ შემდეგნაირად უპასუხა:

“აბსოლუტურად პატიოსნად, გულწრფელად გპასუხობთ - ჩვენ არასოდეს, ამ ოთხ პოლიტიკოსთან, არც ერთთან, არ გვქონია არც ორგანიზაციული, არც პოლიტიკური, არც სხვა რამე სახის მოლაპარაკება, კონტაქტი, შეხება და ასე შემდეგ. პიროვნულ მეგობრობაზე არ ვლაპარაკობ... როდესაც ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა, თუ სადღაც გზის ბოლოს რაღაცაზე ლაპარაკი დაიწყო და ერთ თემაზე, ერთ მოტივზე დავიწყეთ ლაპარაკი, რა უდგას წინ [თანამშრომლობას]. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი უკვე არ არის, ადამიანი ლიბერალია თუ სოციალ-დემოკრატი, რამდენადაც, როგორ უყურებს ის ოთხ მთავარ პრობლემას, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას - ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული ინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ნორმალური, დემოკრატიული, ფუნქციონირებადი, ეფექტური სახელმწიფოს მშენებლობის გაგრძელება."

2015 წელს ანალიტიკურმა ორგანიზაციამ  „ივერია“ კურსი შეცვალა და პოლიტიკურ პლატფორმაზე გადაეწყო. 2016 წლის 3 მარტს ვაშაძემ მოსახლეობასთან შეხვედრა მარჯანიშვილის თეატრში გამართა, სადაც მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას "ივერიაც" მიიღებდა.
„ჩვენ ვთვლიდით, რომ ჩვენი საქმეა საქართველოს მოქალაქეებს შევატყობინოთ დამოუკიდებელი, ობიექტური აზრი იმ მოვლენებზე, რომელიც საქართველოს ინტერესს წარმოადგენდა, მაგრამ სამწუხაროდ, ისე მოტრიალდა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, რომ ერთდროულად აღმოვჩნდით სავალუტო, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, იმ ფორმიდან, რომლიდანაც ვართ, ანუ დამოუკიდებელი გაზეთის ფორმიდან, უკვე გადავიდეთ მოძრაობაში”,- განაცხადა  ვაშაძემ.

 იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება „ივერია“ პოლიტიკურ აქტივობებს გეგმავდა, ვაშაძე მას პოლიტიკურ პარტიას მაინც არ უწოდებდა და როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, ისე მოიხსენიებდა.

"პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა ერთმანეთისგან პრინციპში ბევრად არ განსხვავდება. მხოლოდ ორგანიზაციული პრინციპებით და ჩვენ შეგნებულად არ გვინდა პოლიტიკური პარტია იმისთვის, რომ საშუალება დავუტოვოთ ადამიანებს, გაერთიანდნენ ამ მოძრაობაში. ჩვენ ახლა ხომ იდეოლოგიას არ მივდევთ. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი. ამიტომ საზოგადოებრივ მოძრაობაში ამ პრინციპით შეიძლება მაგალითისთვის სოციალ-დემოკრატიც და ქრისტიან-დემოკრატიც გაერთიანდეს. მთავარია, რომ ყველა ვთანხმდებით, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი, ამიტომ ტერმინს, პოლიტიკურ პარტიას, ჩვენგან ვერ გაიგებთ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

2017 წლის 20 იანვარს  გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის"  წევრი გახდა. "ნიუპრესთან" საუბრისას ვაშაძემ ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანების მთავარი მოტივები დაასახელა.  

"2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია დავაარსეთ, რომლის მთავარი მიზანი იყო წინ წამოგვეწია ის თემები, რომლებზეც საუბარი მხოლოდ რამდენიმე მედია საშუალებით მიმდინარეობდა და გარკვეული პერიოდი თქვენი კოლეგა ვიყავი, 5 წლიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ყოფნის შემდეგ გადავწყვიტე, რომ პოლიტიკა უნდა დამთავრებულიყო, რადგან 2012 წელს ხალხმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. უპრეცედენტო ფაქტი მოხდა საქართველოში, პოლიტიკური ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ამიტომ ჩემთვის არც ის ყოფილა ტრაგედია, რომ ხელისუფლებიდან წავედი და არც ის მიფიქრია, რომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა დავრბუნებულიყავი.  ჩემთვის გარდატეხის მომენტი 2015-2016 წლებში იყო, როცა ხელისუფლების მონოპოლიზაცია დაიწყო,  ეს არც საქართველოს სჭირდებოდა, არც საქართველოს მოქალაქეს და არც მმართველ ძალას. სარკისებურად გაიმეორეს ყველა შეცდომა, რაც ჩვენ დავუშვით, მათ შორის კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში და კონსტიტუციის ჭრა-კერვა, რომელიც გამორიცხავს ოპოზიციის არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლას. ეს იყო პირველი ფაქტორი. მეორე ფაქტორი იყო ის, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაიწყო რიგით წევრებსა და პარტიულ ბიუროკრატიას შორის დაპირისპირება.  პარტიის რიგითი წევრები კაბინეტში ჩაკეტილი ბიუროკრატიის წინააღმდეგი იყვნენ.  ამის გამო დაიწყო დაპირისპირება და მავანნი ამას ისე ასაღებდნენ, თითქოს "განხეთქილების ვაშლი" საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, რაც აბსოლიტური სისულელეა! დისკუსია იყო განვითარების გზასთან დაკავშირებული,  ჩვენ უნდა დავრჩენილიყავით სექტა, ან უნდა დავბრუნებულიყავით ხალხთან, მოგვესმინა მათი და ისინი კი არ უნდა გამოგვყოლოდნენ ჩვენ, ჩვენ უნდა გავყოლოდით მათ. ეს იყო მეორე ფაქტორი, რომელმაც პოლიტიკისკენ მიმიზიდა. 

სანამ  ქუთაისის მერობის კანდიდატური გახდებოდა,  ვაშაძე გარკვეული ხნით თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. 

2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, ვაშაძე ნიუპრესს ესაუბრა. მან განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსები აქვს.
„თუ ეს არჩევნები პატიოსნად ჩატარდება, ვერ წარმომიდგენია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება. 2016 წლისგან განსხვავებით, არცერთ ხმას არ შევარჩენთ ხელისუფლებას. მე არ ვიყავი მაშინ საარჩევო კამპანიაში ჩართული, რადგან არ ვიყავი პარტიის წევრი, თუმცა თვალნათლივ ჩანდა დარღვევები“, -აღნიშნა ვაშაძემ. 

ვაშაძე ასევე განმარტავს, რომ მისი ერთ-ერთი საზრუნავი ქალაქში ბიუროკრატიისა და ნეპოტიზმის შემცირება იქნება. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე