დავით საგანელიძე: "ქუთაისში 10 წუთიანი პროცედურისათვის ჩამოვედით"
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, დეპუტატებს 10 წუთიანი პროცედურის გამო მოუხდათ ქუთაისში ჩამოსვლა. დეპუტატმა თავისი უკმაყოფილება პარლამენტის ადგილმდებარეობის გამო კიდევ ერთხელ დააფიქსირა და ამ საკითხთან მიმართებაში საპარლამენტო უმცირესობის წევრების პოზიცია გააკრიტიკა. „რომ არა ეს სერიოზული კაზუსი, რაც არის კონსტიტუციაში, 5, თუნდაც 10 წუთიანი პროცედურის გამო 150 დეპუტატი ქუთაისში უნდა ჩამოვიდეს, პლუს აპარატი... ამას ჯობდა, ეს საწვავი, თუ ხარჯები, რაც ამდენი ხალხის აქ ჩამოსვლას ჭირდება, დაზარალებული ადამიანებისათვის გამოგვეყენებინა... ამას გამოსწორება ჭირდება, ოპოზიციამ გულში ჩაიხედოს, რამდენად კარგად იქცევა, რომ თავისი გაჯიუტების გამო უწევს პარლამენტს ასეთ პირობებში მუშაობა, “- განაცხადა დავით საგანელიძემ.
"გამაოგნებელი" უწოდა მიხეილ მაჭავარიანმა საგანელიძის ბრალდებას. „არცერთი თეთრი ჩვენი აქ ჩამოსვლისათვის დამატებით არ გამოყოფილა. კომიტეტის თავმჯდომარეები და დავით საგანელიძე მათთვის გამოყოფილი ბენზინის ლიმიტის ფარგლებში ჩამოვიდნენ, ჩვენ კი ვისაც ეს ლიმიტი არ გვაქვს, ჩამოვედით ჩვეულებრივად, როგორც აქამდე დავდიოდით", -გადაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
რიგგარეშე სესია დღეს ქუთაისში პრეზიდენტის მოწვევით გაიმართა. პარლამენტმა პრეზიდენტს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების ჩართვის ნებართვა მისცა.
ავტორი: ირინა მაკარიძე