პასიური ვებ გვერდი და ინფორმირებულობის პრობლემა ქუთაისის მერიაში
ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე kutaisi.gov.ge გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაცია 16 იანვრითაა დათარიღებული, მას შემდეგ ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია არ განახლებულა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის თვითმმართველობამ მიმდინარე წლის ბიუჯეტი 18 იანვარს დაამტკიცა, მერიის ვებ გვერდზე აღნიშნული ინფორმაცია არ ასახულა.
მერიის ოფიციალურ გვერდზე არ დადებულა ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის არც პროექტი და არც დამტკიცებული ვერსია. მერიაში აცხადებდნენ, რომ ბიუჯეტის პროექტი საიტზე დევს, თუმცა მისი პოვნა დაინტერესებული პირებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, მერიამ თვითმმართველობის კოდექსის 91-ე მუხლი დაარღვია, რაც ბიუჯეტის პროექტის გასაჯაროებას ითვალისწინებს.
მერიის და ზოგადად, თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი.
"მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მასმედიის საშუალებებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ყველა აქტივობების შესახებ მიიღონ ინფორმაცია, რომელიც ხდება თვითმმართველობებში. ვებ გვერდის მუშაობა ამ მხრივ გამართული არ არის. უნდა ვაღიაროთ რომ ბიუჯეტის პროექტი არ გამოქვეყნებულა, ჩვენ არც ერთ საიტზე არ გვინახავს, რაც ძალიან დიდი ხარვეზია. ზოგადად, მაცნეს გვერდზე აიტვირთება დამტკიცებული ბიუჯეტი, მაგრამ სასურველია ეს მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზეც იყოს.
ასევე რეორგანიზაციის პროცესი, როდესაც მიდიოდა მერიაში, ყველაფერი უნდა ასახულიყო ვებ გვერდზე, მათ შორის ვაკანსიები. მართალია, ვაკანსიები დაიდო hr. gov. ge, მაგრამ ეს უნდა ასახულიყო მუნიციპალიტეტის საიტზეც. ასევე რაც შეეხება დოკუმენტებს, ძიების სერვერი კი არსებობს ვებ საიტზე, მაგრამ მე რაც ვნახე, ძალიან მცირე რაოდენობით დოკუმენტია ატვირთული, ამასთან, საძიებო სისტემა მოუხერხებელია ყველა ადამიანისათვის გაიგოს ამა თუ იმ ბრძანების თუ დადგენილების შესახებ. გასამარტივებელია ეს სქემაც. ეს ყველაფერი თვითმმართველობის საქმიანობას წაადგება, მაგრამ თუ კი დახურავენ ამ სივრცეს, ეს ცუდად დაუბრუნდება თვითონ ხელისუფლებას. დახურული ინფორმაცია უფრო მეტ კითხვას აჩენს. ვებ საიტს მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს, რომ მეტი ინფორმაცია დაიდოს და მეტად გამჭვირვალე იყო საქმიანობა," -განაცხადა მერაბ მეშველიანმა.
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა საიტზე არ ასახულა მერიის სამსახურების სტრუქტურული ცვლილებები. მერიის გვერდზე კვლავ ფიქსირდება კულტურის სამსახურის არსებობა, რომელიც სინამდვილეში, კარგა ხანია, განყოფილებად გადაკეთდა, ხოლო არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური, მიუხედავად მისი გაყოფისა, კვლავ ერთ სტრუქტურად რჩება.
მერიას არ გაუსაჯაროებია ასევე ახლახანს დამტკიცებული საშტატო ნუსხა და არც გაზრდილი ხელფასების შესახებ ინფორმაცია.
ქუთაისის თვითმმართველობის ოფიციალურ გვერდების გაუმართავ მუშაობაზე არასამთავრობო სექტორიც მიუთითებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" გასული წლის კვლევის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს ისიც რომ დამოუკიდებელი ვებ გვერდი არ აქვს ქუთაისის საკრებულოს. ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე კი საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების შესახებ მხოლოდ ზოგადი ინფორმაციაა მითითებული.
ქუთაისის საკრებულოში განმარტავენ, რომ kutaisi.gov.ge თვითმმართველობის საიტია და არა მხოლოდ მერიის.
მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები სიახლეების განსათავსებლად "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდს ამჯობინებენ, სადაც ხდება სხვადასხვა აქტივობების გაზიარება.
"რაც მნიშვნელოვანია, ვებ გვერდზე ვდებთ, ფეისბუკის გვერდზე კი ყველა აქტივობას ვათავსებთ", -განაცხადა საკრებულოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თეონა მელქაძემ.
ავტორი: ირინა მაკარიძე