დეოლიგარქიზაციისკენ მთავარი გზა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემაა - ნიკა გვარამია
დეოლიგარქიზაციისკენ მთავარი გზა, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემაა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ნიკა გვარამიას საქმის სააპელაციო განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა. მისი თქმით, მის საქმეში მთავარი პოლიტიკური მდგენელია. სიტყვით გამოსვლისას გვარამიამ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება სასაცილოა.
"მთავარი რაუნდი უნდა იყოს ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად, ამაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს. ძალიან სასაცილოა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, მოლოდინი ამ კანონის. კანონები არ არის კრიზისების განმუხტვის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალება...
სხვათა შორის, ძალიან კარგია ეს გადავადება [დეკემბრის ბოლომდე] ძალიან კარგი, უკიდურესად. ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არ იყოს სიმწვავე. მოხდეს არა დეპოლარიზაცია, სრულიად არაკორექტული მგონია ეს ტერმინი, ბოდიში. დეესკალაცია. იმიტომ, რომ დეპოლარიზაცია ნიშნავს ორ თანაბარი პოლუსის არსებობას, რაც ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ გვყავს მოძალადე და გვყავს მსხვერპლი. ყველა დანარჩენი არის მსხვერპლი. დეესკალაციისთვის 6 თვე, პირიქით გაზრდიდა ესკალაციის რისკს და ვერაფერს ვერ მოვასწრებდით. არაფერი არ მოხდებოდა რეალურად. ჩვენ მთავარი რაც გვჭირდება ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება დემოკრატიული არჩევნებისთვის, ყველაფერი დანარჩენი მოხდება შემდეგ"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მომდევნო სასამართლო სხდომა ორი თვის შემდეგ გაიმართება, რაც მოსამართლე ჯორბენაძემ საშვებულებო პერიოდით და საქმეების სიმრავლით ახსნა.
ავტორი: