დიდი დაზიანება არ არის, ერთ ნაწილზე გარედან სველდება კედელი -მეუფე იოანე ბაგრატზე
დიდი დაზიანება არ არის, ერთ ნაწილზე გარედან სველდება კედელი -აცხადებს მეუფე იოანე ბაგრატის ტაძარში წყლის ჩასვლის შესახებ.
ქუთათელ-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი განმარტავს, რომ დაზიანება გელათისგან განსხვავებით დიდი არ არის, ტაძრის შიდა ნაწილი არ ზიანდება და წვიმის დროს გარეფასადი სველდება. მისი თქმით, ხარვეზებს სწავლობენ და აღდგენით სამუშაოებში სპეციალისტები ჩაერთვებიან.
"კულტურის მინისტრი იყო მოსული და შეისწავლეს. დაისვა საკითხი, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მოამზადებს მშენებლებს და რესტავრატორებს და მომავალში მხოლოდ სერთიფიცირებული ადამიანები დაიშვებიან სამუშაოებზე. შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია, გამოსწორება. დიდი დაზიანება არ არის, ერთ ნაწილზე გარედან სველდება კედელი. გელათისგან განსხვავებით ფრესკები არ არის და დაზიანება არ გვაქვს", -განაცხადა მეუფე იოანემ.
ბაგრატის ტაძარში წყალი სახურავიდან, დაახლოებით, ათ ადგილას ჟონავს. სველია ფასადის ქვა, ტენიანია კედლების ფრაგმენტები. ტაძრის აღმოსავლეთით დაგუბებული წყალი ტაძრის საძირკველს აღწევს. ტაძარში სარკმლებიდან წყალი 2017 წელსაც შევიდა, თუმცა მაშინ ფანჯრებს შორის დარჩენილი ღია ადგილები ამოლესეს და პრობლემა დროებით მოაგვარეს. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ბაგრატის ტაძარში წვიმის წყლის შეჩერება მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი, თუმცა ხელისუფლება ბაგრატს გელათის პრობლემის გადასაფარად იყენებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი