|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დროა გავერთიანდეთ და მხარი იმ კანდიდატს დავუჭიროთ, რომელიც უფრო რეიტინგულია"

საარჩევნო ბლოკის "გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ზვიად ბაღდავაძემ ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ბაღდავაძის თქმით, მის ბლოკს ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან გოგიტა გოგელაშვილი შეუერთდა.

„ყველა დასავლურ ძალასა და საღად მოაზროვნე ადამიანს მოვუწოდებთ ერთობისკენ. დროა გავერთიანდეთ და მხარი იმ კანდიდატს დავუჭიროთ,  ვისაც უფრო მეტი გამარჯვების შანსი აქვს. დავნერგოთ პრაიმერის წესი და ვინც უფრო აინტერესებს ხალხს, მხარი იმას დავუჭიროთ, ვიბრძოლოთ იდეებისთვის და არა პიროვნებებისთვის. ჩვენ გუნდს ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი "ქრისტიან დემოკრატებიდან" გოგიტა გოგელაშვილი შემოგვიერთდა და დარჩენილი 11 დღის განმავლობაში ის უხელმძღვანელებს ჩვენს საარჩევნო შტაბს“ - განაცხადა ბაღდავაძემ. 

გოგიტა გოგელაშვილის თქმით, საჭიროა ყველა ოპოზიციურმა ძალამ მიიღოს გაერთიანების გადაწყვეტილება, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იქნება.

„კარგი იქნება, თუ თითოეული ჩვენგანი მიიღებს გაერთიანების გადაწყვეტილებას და ჩაერთვება უკეთეს საქმიანობაში, რაც ქალაქის წინსვლას უფრო შეუწყობს ხელს.“

 

შეგახსენებთ რომ ქუთაისის მერობისთვის ათი კანდიდატი იბრძოდა, ამჟამად კი მათი რაოდენობა რვამდე შემცირდა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე