ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია -კანონში ცვლილებები შედის
მთავრობა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას იწყებს, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი დაპირება იყო.
შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის. კანონპროექტები მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა.
პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს.
„მოგეხსენებათ, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ჩვენი 4-პუქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილში. ამ ცვლილებებზე იმუშავა ეკონომიკურმა გუნდმა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ფინანსთა სამინისტრომ, თუმცა ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობის დროს გიორგი გახარიამ იმუშავა და საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოა შესრულებული.
პაკეტი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობის 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდა. ასევე უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. მაგალითად, ეს არის სასაქონლო ზედნადებთან, არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები და ა. შ“,- განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ნიუპრესი