|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოვიდინფექცია ციხეებში - ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ 8 შემთხვევას ადასტურებს

მძიმე ეპიდემიური ვითარებაა ქუთაისისა და გეგუთის ციხეებში.  ადვოკატების ინფორმაციით, სასჯელაღასრულების დაწესებულებებში კოვიდ 19 მასობრივად გავრცელდა. უფლებადამცველების თქმით, ქუთაისის #2 ციხეში 14 დაინფიცირებული პატიმრის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ის თბილისის სააავადმყოფოში გადაიყვანეს. უფლებადამცველები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია მხოლოდ 8 ინფიცირებულის არსებობას ადასტურებს. მისი თქმით,  გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა დადასტურდა და ისინი სამოქალაქო პირებისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.  

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, როგორც თანამშრომლების, ასევე ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების ვაქცინაციის პროცესი.

„პენიტენციურ სისტემაში, ზოგადად, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ძალიან კარგად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. დიდი ნაწილი თანამშრომლების, ასევე ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების, არის ვაქცინირებული ორი დოზით. ამდენად, ინფექციის შიდა გავრცელების რისკი არის მინიმუმამდე შემცირებული. გეგუთის შემთხვევაში, ნამდვილად დაფიქსირდა თავდაპირველად ერთი შემთხვევა. საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი პირი გაიტესტა რამდენჯერმე, თუმცა ორი ტესტირების შედეგად პასუხი არ დადასტურდა და მხოლოდ მესამე ტესტირების შემდეგ მოხდა დიაგნოზის დადასტურება და ის თანამესაკნეებთან ერთად უსიმპტომოა. ყველა გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის შესაბამის სივრცეში. ეს არის მსუბუქი შემთხვევები, ყველა მათგანი არის შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება გეგუთში მყოფ სხვა პირებს, ისინი გადავიდნენ აქტიური ტესტირების რეჟიმში იმისთვის, რომ მოხდეს მომდევნო 8-10 დღის განმავლობაში მათი ინტენსიური ტესტირება და აღმოჩნდეს ინფექცია, თუკი მოხდა გავრცელება. ამ ეტაპზე გეგუთში 8 პირია ინფიცირებული, რომელიც გადაყვანილია სამოქალაქო სექტორში. სხვაგან არსად ინფექციის შემთხვევები დაფიქსირებული არ არის,“- განაცხადა გაბუნიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი