|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ექსპერტთა განცხადებით, მერაბ კვირიკაშვილს ავტოკატასტროფის აცილება არ შეეძლო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. პროცესზე ექსპერტები დაიკითხნენ.

როგორც ზაქარია თეთრაძემ განაცხადა, მისი მონაწილეობით ალტერნატიული და კომისიური ექსპერტიზა ჩატარდა.
მისი თქმით, ვინაიდან, შემთხვევაში ფიგურირებდა ღია ფერის დაუდგენელი ავტომობილი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა კვირიკაშვილის ავტომობილს და რამაც გამოიწვია მანევრირება, ამიტომ შესაძლებელი იყო მოვლენები განვითარებულიყო ისე, როგორც მერაბ კვირიკაშვილი ამბობდა. პროკურორმა ექსპერტს კითხა, რატომ დაეყრდნო ექსპერტიზა ერთ-ერთი თვითმხილველის მხოლოდ მეორე ჩვენებას და რატომ არ გაითვალისწინეს მისი პირველი ჩვენება, სადაც ამბობდა, რომ გზაზე არანაირი დაბრკოლება არ შუენიშნავს. ექსპერტმა უპასუხა, რომ გამომძიებლებს მოწმისთვის მსგავსი კითხვა არ დაუსვამს, მეორე ჩვენებაში კი ადასტურებდა მერაბ კვირიკაშვილის ინფორმაციას და ექსპერტიზამ ამ ინფორმაციით იხელმძღვანელა.

დღესვე დაიკითხა ექსპერტი იოსებ ჭელიძე. მისი თქმითაც, არსებულ სიტუაციაში მერაბ კვირიკაშვილს შემთხვევის აცილება არ შეეძლო. პროცესს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე უძღვებოდა. სასამართლოში იმყოფებოდა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი.

მომდევნო პროცესი 15 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

წინა სხდომაზე ბრალდების მხრის ექსპერტები ემზარ გავაშელაშვილი და ირაკლი სადრაძე დაიკითხნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი