|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ექვთიმეს საიუბილეო ღონისძიებები და ჩაბნელებული ძეგლები ქუთაისში

ქუთაისში ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო ღონისძიებები იმართება. ღონისძიებების ფარგლებში შეხვედრები მოეწყობა პირველ საჯარო სკოლაში, სადაც ქართული განძის მცველი სწავლობდა, ასევე წერეთლის უნივერსიტეტში, სადაც ექვთიმეს დაბადებიდან 155 წლისთავთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. დღის ბოლოს კი "კინო საქართველოს" შენობაში ექვთიმე ღვთისკაცის" საპრემიერო ჩვენება მოეწყობა. 

ამის პარალელურად, ექვთიმეს ძეგლი, რომელიც პირველი სკოლის წინ მდებარეობს, ღამის საათებში ჩაბნელებულია.

 ანალოგიური მდგომარეობაა ოპერის თეატრის შენობისთან მიმართებაშიც. შენობის ფასადი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნათურით არის აღჭურვილი, ღამის საათებში არ ნათდება.

პრობლემასთან დაკავშირებით "ნიუპრესთან"  ტურისტული სააგენტოს "მოგზაურობა ევროპულ საქართველოში" დირექტორმა  ირაკლი სახამბერიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქის ტურისტულ პოტენციალზე ღამის საათებში ჩაბნელებული ძეგლები ცუდად აისახება.

"ტურიზმი ერთ-ერთ მთავარ დარგად იქცა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი შენატანი აქვს. მე მაქვს ტურისტული სააგენტო, ჩამომყავს უცხოელები, თუმცა ძალიან ცუდ დღეში ვარ,  როდესაც ტურისტებს ღამის ქალაქს ვაჩვენებ, გული მტკივა, რომ ჩაბნელებულია ოპერის თეატრი, ექვთიმეს ძეგლი, რომლის შესახებაც ვესაუბრები, მაგრამ ვერაფრით ვუხსნი, რატომა არ არის ძეგლი განათებული", - განაცხადა სამსხარაძემ. 

ექვთიმეს ძეგლის,  ასევე ოპერის შენობაზე არსებული ქანდაკებების ავტორი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა. "ღამით ძეგლები  ნათდებოდა, როგორც ექვთიმეს, ასევე ოპერის შენობის თავზე გაკეთებული ქანდაკებები, რაც ძალიან ლამაზი იყო, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ძეგლები აღარ ნათდება", -განაცხადა გიორგი კიკვაძემ ჩვენთან საუბარში.

ქალაქის მერიაში "ნიუპრესს" განუცხადეს, რომ ნათურები გადაიწვა და ძეგლების განათება მოკლე ხანში მოხდება. 

 

 

 

ქუთაისში "ექვთიმე ღვთისკაცის" ჩვენებას რეზო ჩხიკვიშვილი დაესწრება

ავტორი: ნიუპრესი