ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8,25%-მდე გაზარდა
ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან გამომდინარე ინფლაციურ წნეხს უკავშირებს. ამასთან, აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. ეს 2024 წლის 22 მაისის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის პირველი გადაწყვეტილებაა.
„მიმდინარე მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების განხილვის შედეგად, მპკ-მ ოპტიმალურად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პპ-ით 8.25 პროცენტამდე ზრდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართულია ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად შენარჩუნებისკენ. მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება, თავის მხრივ, ამცირებს მეორე რიგის ეფექტების რისკებს და მიზნად ისახავს, რომ, მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკის ამოწურვის შემდგომ, ინფლაცია მიზნობრივ სამპროცენტიან დონეს სწრაფად დაუბრუნდეს. სებ აქტიურად განაგრძობს დაკვირვებას მიმდინარე მოვლენებსა და მათი ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ინტენსივობაზე. იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გამოწვეული ინფლაციური შოკები კიდევ უფრო გახანგრძლივდება და/ან მათი მასშტაბი მეორე რაუნდის ეფექტების რისკებს გააძლიერებს, მპკ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს. ხოლო მას შემდგომ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, სებ ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 17 ივნისს ჩატარდება", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რეფინანსირების განაკვეთის (ცენტრალური ბანკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი) გაზრდა ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი აძვირებს კომერციული ბანკებისთვის ფულის სესხების ღირებულებას. ეს არის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც ეროვნული ბანკი, როგორც წესი, მაღალი ინფლაციის დროს იყენებს.
ავტორი:


20:53
15:03
13:31
10:59
















