"ერთად იზრდებოდნენ, ძმაკაცები იყვნენ"- წყალტუბოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
წყალტუბოში მომხდარი მკვლელობის მონაწილეები ახლო მეგობრები იყვნენ და ინციდენტი, სავარაუდოდ, ე.წ. "საქმის გარჩევას" მოჰყვა. სავარაუდოდ, გარჩევაში სხვა ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ კურიერთან ადგილობრივები საუბრობენ.
"საღამოს გავიდა სახლიდან. დარეკეს, ბავშვებმა იკამათესო. მერე მოვიდა პოლიციის თანამშრომელი, დაჭრა მოხდაო და ისიც არ ვიცოდი, საწყალი საავადმყოფოში რომ გარდაცვლილა. 24 საათი ერთად იზრდებოდნენ, ძმაკაცები იყვნენ. თბილისში დააკავეს. როგორც კი ეს მოხდა, ალბათ, პირდაპირ წავიდა თბილისში. მეტი არაფერი ვიცი," - ამბობს კურიერთან მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა, გერონტი ტორაძე.
წყალტუბოში წუხელ 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს. გვიან ღამით დაჭრილი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში მიყვანისას ის უკვე გრდაცვლილი იყო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.
შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო დასაგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნიუპრესი