"ეს ბიჭები არიან იმის დასტური, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერს მიაღწევ"
ეს ბიჭები არიან იმის დასტური, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერს მიაღწევ, - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საერთაშორისო კომპანია „ცისკოს“ ( სილიკონის ველი, კალიფორნია, აშშ) წარმომადგენლების, დავით ნოზაძისა და გიორგი მაღლაკელიძის შესახებ, რომლებმაც ინტერნეტ-ტექნოლოგიების თემაზე ქუთაისში საჯარო ლექცია ჩაატარეს.
დავით ნოზაძის ( „ცისკოს“ ტექნიკური ლიდერი) პრეზენტაციის თემა იყო „გამოწვევები ინტერნეტ-ტექნოლოგიებში“, ხოლო გიორგი მაღლაკელიძემ ( „ცისკოს“ სიგნალის მთლიანობის ინჟინერი ) წარმადგინა თემა - "თავსებადობის პრობლემები თანამედროვე მოწყობილობებში".
შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, ინტერნეტ-ტექნოლოგიებით დაინტერსებული მოსწავლეები და სტუდენტები.
ქუთაისის მერის განცხადებით, ამ ახალგაზრდებთან სამომავლოდ ფართომასშტაბიანი ურთიერთობები და ღონისძიებები დაგეგმეს.
"ეს ბიჭები არიან იმის დასტური, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერს მიაღწევ, მთავარია განათლების მიღება და ინტერესი. სწორედ ამის შესახებ ისაუბრეს მათ თანაქალაქელ ახალგაზრდებთან. მადლობა მინდა გადავუხადო დავითს და გიორგის, საინტერესო ლექციისთვის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ალექსანდრე თევზაძეს, რომელმაც დაგვაკავშირა ამ ახალგაზრდებთან. ჩვენ მომავლისთვის გაცილებით ფართომასშტაბიანი ურთიერთობები და ღონისძიებები დავგეგმეთ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ წარმატებულმა ახალგაზრდებმა სკოლა ქუთაისში დაამთავრეს - დავით ნოზაძემ 41-ე, ფიზიკა-მათემატიკური, გიორგი მაღლაკელიძემ მე-13 საჯარო სკოლა.
ავტორი: ნიუპრესი