"ეს იყო პოლიციის პროვოკაცია, ბიჭები ჩვენების მისაცემად ძალით მიიყვანეს"
ეს იყო პოლიციის პროვოკაცია, ბიჭები ჩვენების მისაცემად ძალით მიიყვანეს,- აცხადებს ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინნა ასანიძე. ის რესტორანში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მას აქვს ვიდეო კადრები, რაც პოლიციის პოზიციას მთლიანად შეცვლის.
"ეს იყო პოლიციის პროვოკაცია, არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ, ეზოში იკამათეს. მე პოლიციას მივაწვდი ამ კადრებს და გავავრცელებ კიდეც, სადაც ჩანს, რომ ეს ბიჭები იმ დრომდე, ვიდრე ეს კამათი მოხდებოდა, დაზიანებებით ისხდნენ სუფრასთან. მე ვარ ბედნიერი, რომ ეს კადრები გვაქვს. ეს იყო პროვოკაცია და ეს ბიჭები ძალით მიიყვანეს ჩვენების მისაცემად. ვაცხადებ, რომ მათრამდენიმე დღის დაზიანებები ჰქონდათ ,"- აცხადებს ინნა ასანიძე.
შეგახსენებთ, 13 ივლისს, ჭიათურის ერთ-ერთი რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე, ძალადობის მუხლით არის აღძრული. საქმეში ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინნა ასანიძე და სხვა პირები ფიგურირებენ. არგვეთის რესტორანში ჩხუბის შედეგად დაშავებულია 2 პირი.
საქმესთან დაკავშირებით ჭიათურის მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნები დღეს პოლიციის იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იკითხებიან.
ჭიათურის მერის პაატა ნადირაძისა და მისი მხარდამჭერების განცხადებით, მომხდარი მათ წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა. საქმეში ფიგურირებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სულხან მახათაძის სახელიც. "ნიუპრესი" შეეცადა დეპუტატის კომენტარის მოპოვებას, მან ჩვენს ზარს უპასუხა, თუმცა განაცხადა, რომ საჭესთან იყო და საუბარს ვერ შეძლებდა, მას შემდეგ კი სულხან მახათაძემ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.
ავტორი: ირინა მაკარიძე