მსოფლიო ჩემპიონატისთვის ქუთაისში სარაგბო ბაზა სრულად მოეწყო [Photo]
ქუთაისი 20 წლამდე მსოფლიო რაგბის ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება. უახლოეს მომავალში ქუთაისის სარაგბო ბაზაზე მაღალი კლასის სასტუმრო და რაგბის აკადემია გაიხსნება.
სასტუმროში ამ დროისთვის საჭირო ინვეტარის მოწყობა მიმდინარეობს. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო, მოსასვენებელი ოთახებით. ასევე, საუნით, საბილიარდო და საცურაო კომპლექსით.
ჩემპიონატებზე ჩამოსულ რაგბისტებს, შესაძლებლობა ექნებათ სასტუმროთი უფასოდ ისარგებლონ.
ქუთაისის სარაგბო ბაზა, რომლის ტერიტორია 9 ჰექტარია, საქართველოში ყველაზე დიდი. ის ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო.
ბაზაზე განთავსებულია 4 მოედანი - 3 სათამაშო და 1 სავარჯიშო. ცენტრალური სტადიონი 4 860 მაყურებელზეა გათვლილი, მეორე მოედანი 1 330 მაყურებელს იტევს, მესამე კი 751 ადგილიანია.
ქუთაისის სარაგბო ბაზა „აია-არენა“ საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“ დაფინანსებით ასოციაცია „ატუმ“ მოაწყო. ბაზის მშენებლობისთვის 11 მილიონი ლარი დაიხარჯა.
შეგახსენებთ, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 31 მაისს თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.
ქუთაისში, „ აია-არენაზე“ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ირლანდია, სარაგბო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ტურნირის 5 გზის ჩემპიონი ახალი ზელანდია, შოტლანდია და იტალია, B ჯგუფის თამაშებს გამართავენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი