„ფეისბუკმა“ საქართველოში „სპუტნიკის“ ქსელიც გააუქმა
„ფეისბუკმა“ „ნიუს-ფრონტის“ ქართულ ანგარიშებთან ერთად ასევე გააუქმა „სპუტნიკის“ ქსელი საქართველოში. ამ ინფორმაციას ავრცელებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე. მისი განმარტებით, საუბარია "სპუტნიკის" არაავთენტურ ქსელზე და არა "სპუტნიკის" ფეისბუკგვერდზე.
„ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მიხეილ ბენიძე წერს, რომ ეს ინფორმაცია 6 მაისის დილით "ფეისბუკთან" გამართული ვიდეოქოლის დროს დაუდასტურეს. "როგორც ჩანს, ეს ქსელი უკავშირდებოდა მათ მიერ ადრე აღმოჩენილ "სპუტნიკის" მსგავს ქსელებს სხვა ქვეყნებში (უკრაინა, ბალტიის ქვეყნები..) მაგრამ მაშინ წაშლას გადაურჩა”, - აღნიშნავს იგი.
მიხეილ ბენიძის თანახმად, 2020 წლის აპრილის „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის შესახებ ანგარიშის“ თანახმად, ფეისბუკის ადმინისტრაციამ მედიაპლატფორმა „ეს პერსონასთან" და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი გააუქმა.
საქართველოში მოქმედ მედიაპლატფორმა „ესპერსონასთან“ მიმართებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ჟურნალისტ, კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება, ფეისბუკის ადმინისტრაციის დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაუქმებულია ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 122 ჯგუფი, ფეისბუკის 101 და ინსტაგრამის 56 ანაგარიში.ხოლო თავად ორგანიზაცია „ესპერსონა“ უკვე აკრძალულია ფეისბუკის პლატფორმაზე.
საქართველოსთან მიმართებაში საეჭვო „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო ფეისბუკის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკაშირებული ინდივიდუალური პირებიც. საბოლოო ჯამში ფესბუკმა გააუქმა ენმ-სთან დაკავშირებული 23 ანგარში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი და ასევე „ისნტაგრამის“ 9 ანგარიში.
ფეისბუკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც ეს შეფასება „საქართველოში გაკეთებულ ადგილობრივ საჯარო ანგარიშს ეყრდნობოდა“.
წყარო: რადიოთავისუფლება
ავტორი: ნიუპრესი