|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფოთის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი შშმ პირებს შეხვდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ყრუთა და სმენადაკარგულთა კავშირის წევრებთან შეხვდრისას.  შეხვედრა „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ფოთის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

შეხვედრის მტავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთა საჭიროებების გამოვლენა იყო.  შეხვედრისას რამდენიმე პრობლემა  გამოიკვეთა. მათი განცხადებით, წლების განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. ყოველ მათ მოთხოვნაზე ხელისუფლება ბიუჯეტში თანხების გაუთვალისწინებლობას ასახელებდა. როგორც დისკუსიისას აღნიშნეს, ყველაზე უფრო ერთმანეთთან კომუნიკაციის უქონლობა აწუხებთ, რადგანა   ვერ ყიდულობენ  ტელეფონებს.

როგორც ყრუთა და სმენადაკარგულთა კავშირის თარჯიმანმა ზვიად ჯანელიძემ განაცხადა,  ერთ-ერთ მთავარ პრობლემა  კავშირში თარჯიმნის სიმცირეა.

„ერთი თარჯიმანი არ გვყოფნის,  ხშირია შემთხვევები, როცა ერთდროულად ვჭირდები წევრებს, ხშირად ვერ ვახერხებ ამას. სასურველია მეორე თარჯიმანი ქალი იყოს, რადგან ქალებს მე, როგორც მამაკაცი ვერ მივყვები თარჯიმნად, რადგანაც, არის ისეთი საკითხები, რასაც მე, როგორც მამაკაცს ვერ მიმხელენ. სასურველია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ  ფოთის ბიუჯეტში გაითვალისწინოს და ერთი ქალი თარჯიმანი დაგვიმატონ, სხვა მუნიციპალიტეტში ეს საკითხი დადებითადაა გადაწყვეტილი“.

 ფოთის გენდერის მედიაცენტრის დირექტორის ინგა გვასალიას ინფორმაციით,  მსგავსი შეხვედრები უახლოეს დღეებში დევნილებთან გაიმართება, მათი საჭიროებების გამოვლენის მიზნით.

‘ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში, რომლის მიზანიცაა,  ამომრჩეველი ქალის როლის გაძლიერება, საქართველოს 8 რეგიონის 12 ქალაქში სწავლობს ქალთა საჭიროებებს. მათ შესახებ გაკეთებულ  ანგარიშს წარუდგენს პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს, რათა მათ ასახონ საარჩევნო პროგრამებში და არჩევნის შემთხვევაში იზრუნონ ქალთა პრობლემების მოგვარებაზე. 

ავტორი: ნიუპრესი