|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფოთის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა საჭიროებებზე იმსჯელეს

პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, მაჟორიტარობის კანდიდატებმა და პროპორციული სიის ათეულში მყოფმა პირებმა  „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ფოთის მედიაცენტრის დირექტორის ინგა გვასალიას ის ანგარიში მოისმინეს, რომელიც ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გააკეთა და რომლის მიზანიც ამომრჩეველი ქალებისა და კანდიდატების გაძლიერება იყო.

 

 ამომრჩეველ ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირების დადადგენის მიზნით, ორგანიზაციამ ორი თვის განმავლობაში საქართველოს რვა რეგიონის 12 ქალაქში მოიკვლია სოფლად მცხოვრებ ქალთა საჭიროებები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შშმ პირებზე, დევნილებსა და ეთნიკურ უმცირესობებზე.  

 ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენის მიზანი იყო მისი გაცნობა  პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის,  რათა მათი მხრიდან მოხდეს ქალთა საჭიროებების საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინება. არჩევის შემთხვევაში კი, ამ საჭიროებებსა და პრობლემებზე მუშაობა, - განაცხადა გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა ინგა გვასალიამ. მით უმეტეს, რომ როგორც გაირკვა, პროექტის საწყის ეტაპზე გამოიკვლიეს პარტიების საარჩევნო პროგრამები და როგორც აღმოჩნდა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არჩევნებამდე თვენახევრიტ ადრე არ ჰქონდა საარცევნო პროგრამა და, შესაბამისად, მასში ვერ იქნებოდა ასახული ქალთა საჭიროებები. 

მედიაცენტრის დირექტორმა პრეზენტაციისას ასევე აღნიშნა, რომ ფოთში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შშმ ქალებისა და დევნილების საჭიროებების იდენტიფიცირებაზე. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ქალთა სხვადასხვა სახის საჭიროებები.
ფოთში მცხოვრებ ყრუთა და სმენადაკარგულთა კავშირის ბენეფიციარებს რამდენიმე სერიოზული საჭიროება აქვთ — ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა, რადგან არ აქვთ სპეციალური ტელეფონები, რასაც უსახსრობის გამო ვერ იძენენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას კავშირში თარჯიმნების სიმცირეც წარმოადგენს. კავშირს მხოლოდ ერთი კაცი თარჯიმანი ჰყავს, რომელიც ერთდროულად ყველა ბენეფიციარს ვერ ემსახურება. გარდა ამისა, შშმ პირები ქალი თარჯიმნის დანიშვნასაც ითხოვენ, რადგან არის საკითხები, რომლის შესახებაც კაც თარჯიმანს ვერ ესაუბრებიან. კავშირის ბენეფიციარები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ წლებია ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. თავის მხრივ ხელისუფლება ბიუჯეტში ამ კუთხით თანხების გაუთვალისწინებლობას იმიზეზებს და ამით ხსნის პრობლემების მოუგვარებლობას. შშმ ქალები მათთვის საარჩევნო თემატიკაზე ტრენინგების ჩატარებასაც ითხოვენ.

უსინათლო პირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებაა ბრაილის შრიფტის შემსწავლელი კურსების ამოქმედება. მოუწესრიგებელ ტროტუარებზე გადაადგილებაც უჭირთ. უსინათლოთა კავშირის ბენეფიციარეები ითხოვენ 30 ლარიანი დახმარების თუნდაც 50 ლარამდე გაზრდას.

ფოთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალების უპირველესი პრობლემა უმუშევრობაა. მათ ასევე განსაკუთრებული სიმწვავით დასახლებაში საბავშვო ბაღისა და სკოლის საჭიროებაზე ისაუბრეს. მართალია, ბაღი უკვე შენდება, მაგრამ როგორც აღნიშნეს, იგი 90 ბავშვზეა გათვალისწინებული და ეს მაშინ, როცა დასახლებაში გაცილებით მეტი ბავშვი იზრდება. დევნილთა დასახლებაში არ არის სკოლაც, ბავშვებს მოშორებით მდებარე სკოლებში უწევთ სიარული, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და ესეც პრობლემათა ისედაც დიდ ნუსხას ემატება.

დასახლებაში ასევე არ არსებობს საბავშვო მოედნები, დასახლებაში მოწლილია საკანალიზაციო სისტემა, რის გაკეთებასაც დევნილი ქალები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ;

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის დროული მოგვარების საჭიროებაც არსებობს, ესაა უპატრონო ძაღლები, რომლებიც დასახლებაში მრავლად არიან, რის გამოც ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ და არა მარტო ბავშვებს, ვერც დიდები გრძნობენ თავს უსაფრთხოდ.

შეხვედრისას ქალი ამომრჩევლების  საჭიროებების ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებაზე იმსჯელეს მაჟორიტარობის კანდიდატებმა და პროპორციულ დისკუსიის დასასრულს მედიაცენტრმა კანდიდატებისთვის რეკომენდაციები გასცა.

 

დისკუსია „ქალის ხმა იგებს არჩევნებს“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.  პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.   

ავტორი: ნიუპრესი