|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფოტოკონკურსი „ილო 2016“ ბრუნდება

 ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად ქუთაისში იმართება.  ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო. შარშან ფოტოკონკურსი ჩატარდა სახელწოდებით „კადრი-ქუთაისი“.

პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით,  თანაქალაქელების მრავალრიცხოვანი თხოვნის გათვალისწინებით და განსაკუთრებით ილო ხახიაშვილის დის ქალბატონი რიმას წერილობითი მომართვის საფუძველზე ფოტოკონკურსს დაუბრუნდა სახელი „ილო“.

ფოტოკონკურსის  მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები და სტიმული მისცეს ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს. კონკურსში გამარჯვებულთათვის გაიცემა 4 პრემია: გრან-პრი, I, II და III პრემიები. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო ქანდაკებები. ტრადიციად იქცა კონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.

ღონისძიების ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი