ფრინველისა და რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, შემცირდა ფრინველისა და რქოსანი პირუტყვის რაოდენობა, შესაბამისად შემცირდა მათი პროდუქტებიც.
2024 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით შემცირდა და 848.0 ათასი სული შეადგინა.
აქედან, საქსტატის ცნობით, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 401.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.2 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 213.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით შემცირდა და 9.4 მილიონ ფრთა შეადგინა.
ამასთან, უწყების წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში რძის წარმოებამ 171.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 19.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 153.1 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4 პროცენტით ნაკლებია.
ავტორი: ნიუპრესი