ჟურნალისტის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რის შედეგადაც თავიდან იქნა აცილებული მძიმე დანაშაული.
"მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა" - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს განცხადება "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოყვა, რომლის თანახმადაც, "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, მიზეზად კი გიორგი გაბუნიას მიერ, ვლადიმერ პუტინის მისამართით გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში" გაკეთებული განცხადებას სახელდება.
ლიკვიდაციის გეგმის ჩაშლა კორონავირუსის ეპიდემიამ, საგანგებო მდგომარეობამ და უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ქართველი კოლეგებისთვის მიწოდებულმა ინფორმაციამ გამოიწვია.
ავტორი: ნიუპრესი