გაორმაგებული და გასამმაგებულია ფასები - ღვანკითის მოსახლეობა სოფლის გახსნას ითხოვს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის მოსახლეობა, რომელიც 2 კვირაზე მეტია იზოლაციაშია მოქცეული, დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, რეკორდულადაა გაზრდილი ფასები მაღაზიებსა და აფთიაქებში, რის გამოც მოსახლეობა საჭირო პროდუქტისა და მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებს.
ადგილობრივების განცხადებით, სოფელში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, რის გამოც ხელისუფლებამ სოფლის გახსნის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
"ადამიანებს უკვე ეშინიათ სასწრაფოს გამოძახების, რომ ეს კორონავირუსს არ მიეწეროს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში გახსნილია მაღაზიები და აფთიაქები, არ მოიპოვება ყველა საჭირო მედიკამენტი, ხოლო მარკეტებში ფასები ორჯერ და სამჯერ არის გაზრდილი. როგორ უნდა შეიძინოს იზოლაციაში მოქცეულმა მოსახლეობამ მსგავსი გაზრდილი ფასებით პროდუქტები?"-აცხადებს ადგილობრივი ლილე რობაქიძე.
როდის გაისხნება დახურული სოფელი, ამის შესახებ კონკრეტული პასუხი არ აქვს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მიიღება.
"ადგილზე სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს, სოფელში სიმშვიდეა. სოფლის გახსნა ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სპეციალური პროტოკოლი არსებობს იმისა, თუ ბოლო ინფიცირების შემთხვევიდან რა დროში უნდა გაიხსნას დახურული ზონა", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, სოფელი ღვანკითი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო 23 აპრილს ჩაიკეტა. ინფიცირების ბოლო შემთხვევა 24 აპრილს დაფიქსირდა.
ავტორი: ნიუპრესი