გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა
გასულ წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა - ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, საქართველოში მოქმედმა 39,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო მხარდაჭერა.
ამასთან, მათივე ცნობით, აღნიშნულმა პროექტებმა ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც თავად მეწარმეებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, კერძოდ: მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 37,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში აისახა.
ავტორი: ნიუპრესი