"გატეხეს ეკლესია, ჯიბგირების თავგასულობას საზღვარი არ აქვს"
გატეხეს ეკლესია, ჯიბგირების თავგასულობას კვლავ საზღვარი არ აქვს, მხარს ვუჭერთ ეპისკოპოსის გადაყენებას, არჩევნები ჩატარდეს განმეორებით, - წერდა ქუთაისული პრესა 100 წლის წინ.
"ნიუპრესი" იწყებს ახალ რუბრიკას, რომელშიც ქუთაისში გამომავალ გაზეთებში ზუსტად 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაგაცნობთ.
ამ დროს ქვეყანას დროებითი მთავრობა მართავდა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის მარტში თბილისში შექმნა ამიერკავკასიის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში ქართველი მენშევიკები შედიოდნენ.
გაზაფხულზე აქტიურად დაიწყო ადგილობრივ დონეზე კომიტეტების არჩევა. ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია საქმიანობდა. მაშინდელი გაზეთებიც ძირითადად პარტიულ პრესას წარმოადგენდა.
ქუთაისში გამომავალი გაზეთი „ჩვენი მეგობარი“ სოციალ-ფედერალისტების გაზეთი იყო, მასში ეპოქის მიმოხილვასთან ერთად განხილულია ქუთაისისა და იმერეთის მოვლენები.
სტატიის „ჩვენი მხარე“ ავტორი უკმაყოფილოა ჩატარებული არჩევნებით. სტატიაში ნათლად იკვეთება ახლადფეხმოკიდებული დემოკრატიის სუსტი მხარეები.
„რუსეთის დღევანდელმა რევოლუციამ მოსპო ძველი, დახავსებული, ობმოკიდებული წეს-წყობილება და ყველა დაჩაგრულ ერს განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭა. თითქოს შესრულდა ერთი თვე, რაც რუსეთის ძლევამოსულმა დემოკრატიამ გაიმარჯვა ძველ კერპებზე. დაარსდა დროებითი აღმასრულებელი კომიტეტები, მუშათა და სალდათთა დეპუტატთა საბჭოები დიდს საგუბერნიო და სამაზრო ქალაქებში, სხვადასხვა დაბა სოფლებში და ჩხარი რას შვება ამ დროს?
მოდიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და „დომხალით“ არიეს ჩხარის საქმეები. არჩევანის დროს ჩხარელები ვეღარ არჩევენ ბოროტებას და პირდაპირ ავაზაკებს, შანტაჟისტ-ბაცაცებს ირჩევენ კომიტეტის წევრებად.
24 მარტს შორაპნის სამაზრო კომიტეტის თანდასწრებით აირჩიეს ყოვლად უმსგავსო პირები: იგინი არ დაამტკიცეს, რადგან გაიგეს მათი ვინაობა. მას შემდეგ 4 აპრილს გაიმართა არჩევნები, შორაპნის მაზრის კომიტეტის წარმომადგენლების თანდასწრებით. მიტინგს ძლივს დაესწრო 400 კაცი და ქალი. ჩხარის საზოგადოება შედგება 11 სოფლისგან, ცხოვრობს 1500 კომლი და მეტი ადამიანი უნდა ყოფილიყო",-წერს გაზეთი.
ავტორს შენიშვნა აქვს არჩევნების ჩატარების ფორმასთანაც, არ არსებობს არჩევნების ჩატარების ცოდნა და გამოცდილება:
"არავითარი ფარული კენჭისყრა არ ყოფილა, სრულიად უკანონოდ მოხდა, ამიტომ მივაქცევთ ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის ყურადღებას -ჩხარის არჩევნები არ იყოს დამტკიცებული. ვითხოვთ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და თვით საგუბერნიო კომიტეტმა გამოაგზავნოს რიგიანი ხალხი, რომლებსაც შეეძლებათ არჩევნების ჩატარება".
ქუთაისში გამომავალი ყოვედღიური გაზეთი "სოციალ-დემოკრატი" ამ დროს მათი ლიდერის კარლო ჩხეიძის ვაჟის ტრაგიკულად გარდაცვალების ამბავს ამცნობს მკითხველს. აქვე ვკითხულობთ ცნობას კაკი წერეთლის ქუთაისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
ქვეყანაში რთული კრიმინოგენული მდგომარეობა იყო. "სოციალ-დემოკრატების" ახალი ამბები ვაკის უბანში ეკლესიის გაძარცვის შესახებ იუწყება.
ეკლესიაშიც არ იყო დაწყნარებული მდგომარეობა, რასაც პრესაში გამოჩენილი ეს ინფორმაცია ცხადყოფს. აპრილის დასაწყისში ქვიტირში ჩატარებულა სამღვდელოების კრება, რომელიც ივერიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს, ხოლო იმერეთის სამღვდელოების კომიტეტს თანხმობას უცხადებს ეპისკოპოსი გიორგის გადაყენებაში.
ამ დროს, რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილი არც ჩვენი ქალები იყვნენ.
ზუსტად 100 წლის წინ, სამშბათს, 4 აპრილს ქალთა კლუბის დაამაარსებელი კრება შეიკრიბა. გამოვიდა ყოველკვირეული ქალთა გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა."
"ნიუპრესი" დახმარებისათვის მადლობას უხდის ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის პერიოდიკის განყოფილებას.
ავტორი: ირინა მაკარიძე