,,გავლენიანი სასულიერო პირების ქმედებები ასაზრდოებს და აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილს და ძალადობას“- TDI
,,გავლენიანი სასულიერო პირების ქმედებები ასაზრდოებს და აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილს და ძალადობას“- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია, TDI "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" აცხადებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიტროპოლიტი ანტონის მხრიდან "მთავარი არხის" ჟურნალისტეზე თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საპატრიარქო და ხელისუფლება თვალს ხუჭავენ ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
,,საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე. ხელისუფლება კი თვალს ხუჭავს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლის ფაქტებზე. დღემდე არ გვინახავს, ეკლესიის სასულიერო პირებს პასუხი ეგოთ ჩადენილი ძალადობისთვის... გავლენიანი სასულიერო პირების ქმედებები ასაზრდოებს და აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილს და ძალადობას. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს 7 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი; ასევე, 4 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მთავარი არხის ჯგუფზე ძალადობის შემთხვევა” , - ვკითხულობთ განცხადებაში.
TDI ასევე მიმართავს საპატრიარქოს და მოუწოდებს, გაიაზროს საკუთარი როლი.
,,მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2021 წლის 7 მაისს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტ, ირაკლი ვაჩიბერაძეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და არ მისცა საშუალება, ჟურნალისტური საქმიანობა განეხორციელებინა.
ავტორი: ნიუპრესი