გაჭიანურებული არდადაგებით დარღვეული უფლებები
ქუთაისის საბავშვო ბაღის აღსაზრდელის, პატარა ნიკოლოზის მშობელი, ლელა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სახელწოდებით: „ახლა ვინ აგებს პასუხს ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისა და მათი მშობლების უფლების დარღვევაზე?“. ის გაფიცვის გამო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ სწავლის დაწყების გაურკვეველი დროით გადადებით ირღვევა, როგორც ბავშვების, ასევე მათი მშობლების უფლებები:
„დარწმუნებული ვარ, ჩემზე გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ნიკოლოზის მეგობრების, თომას, საბას დედები, რომლებიც დილის 9-დან საღამოს 6-მდე სამსახურებში არიან და სახლშიც არავინ ჰყავთ ბავშვებთან დამრჩენი...
საინტერესოა, აქვთ თუ არა კითხვაზე, „როდის დაიწყება ბაღების მუშაობა ქუთაისში“ - პასუხი მათ, ვისაც ეს საქმე, ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელობა და გამართული მუშაობა თავიანთ თავზე აქვთ აღებული და „შესასრულებელი“ სამუშაოებისათვის სოლიდურ ანაზღაურებასაც იღებენ...
2015 წლის დეკემბრის თვეში ქუთაისის 4 ბაღი ერთი დღით რომ გაიფიცა, იმ ბაღებს შორის ნიკოლოზის, მე-13 ბაღიც იყო. კარგად მახსოვს, პარასკევი დღე იყო და იმ დღეს ბავშვი ბაღში არც წამიყვანია, იმის გამო, რომ წინა დღით, ბაღში წყალი არ მოდიოდა და საღამოს ისეთი მდგომარეობა დამხვდა, თანამშრომლები შემეცოდნენ და სიმართლე გითხრათ, იმისიც შემეშინდა, უწყლობის გამო რაიმე ნაწლავური ინფექცია არ გავრცელებულიყო ბავშვებში. საინტერესოა, ქალბატონ ნანა ლორთქიფანიძეს, ან მაშინ, ან ახლა აქვს თუ არა იმაზე პასუხი, რატომ არ იყო ბაღში მთელი დღე წყალი, როგორ დარეცხეს 3 კვების ჭურჭელი მომვლელებმა, ამ ცივ ზამთარში რატომ ბანდნენ ბავშვებს ხელებს ცივი წყლით?..
ახლა, 25 იანვრიდან, გაურკვეველი ვადით რომ გადაიდო ქუთაისის ბაღებში სასწავლო პროცესი, ვინ აგებს პასუხს, უკვე არა 1200, არამედ ქუთაისის მოსახლეობის იმ ნაწილის წინაშე, რომელთა შვილებიც სახელმწიფო სკოლამდელ დაწესებულებებში სწავლობენ? ახლა არ დარჩნენ ეს ბავშვები ქუჩაში მშიერი? თუ ახალი წლიდან ჭამის გარეშე არსებობაზე გადავედით? (გრიპის ეპიდემიით თავის გამართლება არადამაჯერებელი იქნება, რადგანაც, ქუთაისის სკოლები 15 იანვრიდან მშვენივრად ფუნქციონირებენ)“.
ლელა ხიდაშელი ბაღებისათვის დაფინანსების გაზრდის საკითხსაც ეხება და აცხადებს:
"კარგია იმის შეტყობა, რომ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი 1 300 000 ლარით გაიზარდა და თანხის დიდი ნაწილი ბაღებში ცხელი წყლის პრობლემის მოგვარებას მოხმარდება, მაგრამ ეს საკითხი შემოდგომაზე რომ მოგვარებულიყო, მისასალმებელი ფაქტი მაშინ იქნებოდა, ახლა როდის მოგვარდება, როდის მოესწრება ცხელი წყალი ჩვენს შვილებს, გაზაფხულზე? და ვინ აგებს პასუხს თავისი თანამდებობით ამ დაგვიანებისათვის არა 1200, არამედ 35 000 ბავშვის წინაშე?"
როგორც ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, ბაღებში სწავლა ორშაბათს- 25 იანვრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა ვირუსული ინფექციების გავრცელების გამო სწავლის დაწყება გადაიდო, "დაველოდებით ინსტრუქცებს და თუ შესაძლებელი იქნება ოთხშაბათს, ან ხუთშაბათს განახლდება სწავლა"-განუცხადეს "ნიუპრესს".
ავტორი: ირინა მაკარიძე