|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გელათის ტაძარში მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო" - იუნესკოს ექსპერტები

"გელათის ტაძარში მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო" - აღნიშნული ინფორმაცია იუნესკოს ექსპერტებმა გააჟღერეს.

მათ დღეს ტაძარში მუშაობა დაასრულეს.

ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებთან ერთად ერთი კვირა იმუშავეს. მათ შეისწავლეს, როგორც ტაძრის შიდა, ასევე სახურავზე არსებული მდგომარეობა. მათი ინფორმაციით, ტაძარში წყლის ინფილტრაცია გრძელდება,  ასევე რთული მდგომარეობაა ფრესკებთან მიმართებით.

"ფრესკები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს შეიცვალოს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ნაკლები ხარისხით ჩავერიოთ, მაგრამ გვჭირდება ბევრი კვლევა და ანალიზი. იტალიაში ჩატარდება კვლევა და უნდა მივაგნოთ გამოსავალს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვითარება გამოსწორდეს", - განაცხადა არქიტექტორ-რესტავრატორმა უგო ტონიეტმა.

როგორც მათ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადეს, იტალიაში დაბრუნების შემდეგ დადებენ დიაგნოზს და რეკომენდაციებს. აღნიშნულ რეკომენდაციების მიხედვით მოხდება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.

 რაც შეეხება ექსპერტთა ვინაობას, ტაძრის გადახურვის პრობლემებზე  მუშაობდნენ არქიტექტორ-რესტავრატორები უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, ხოლო კედლის მხატვრობაზე -სპეციალისტები: მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი. 

 შეგახსენებთ, გელათის კომპლექსში 23 ივნისიდან იუნესკოს ექსპერტები მუშაობდნენ. 6 დღის განმავლობაში სამონასტრო კომპლესი გარეშე პირებისათვის დაკეტილი იყო. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი