გელათში იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლამდე ქართველი რესტავრატორები იმუშავებენ
დროებითი ტაძარში მაღალი ტენიანობა, სამწუხაროდ, შენარჩუნებულია, - ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გაფრინდაშვილმა კულტურის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"დროებითი გადახურვის მოწყობის შედეგად ტაძრებში წყლის ინფილტრაცია რამდენიმე თვეა აღარ ხდება, 2020 წელს უკვე ჩასული წყლის მიზეზით ტაძარში მაღალი ტენიანობა სამწუხაროდ შენარჩუნებულია" - განაცხდა გაფრინდაშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სხვადასხვა ორგანიზაციიდან მოწვეული ხელოვნებათმცოდნეები და კედლის მხატვრობის რესტავრატორები, ასევე, მამა ანტონი გელათის სამონასტრო კომპლექსიდან.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ჩამოსვლამდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს შესაძლებლობა: - ჩაატაროს ნალესობისა და ფერწერის ფენის კვლევა; - კვლევის პარალელურად, ქართველი პროფესიონალი რესტავრატორების მეშვეობით, რეგულარულად განახორციელოს დაზიანებული ფრესკებიდან გამომარილების პროცესის შედეგად წარმოქმნილი მარილის მოხსნა იმ ადგილებში, სადაც ეს ფერწერის დაზიანების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია; - კვლევის პარალელურად, ქართველი პროფესიონალი რესტავრატორების მეშვეობით, განახორციელოს დაზიანებული ფერწერული ფენიდან ქიმების ნალესობის მოხსნა იმ შემთხვევებში, როცა ამგვარი ნალესობა დაზიანებული ფერწერული ნაწილის კედლიდან მოწყვეტის საშიშროებას ჰქმნის.
შეგახსენებთ, გელათში ხარვეზებით განხორციელებული სამუშაოების გამო ტაძარში ნალექები ჩავიდა, რამაც უნიკალური ფრესკების დაზიანება გამოიწვია. ინფორმაციას და კადრებს სისტემატურად ავრცელებს ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლია", რის გამოც კულტურის მინისტრა მის წარმომადგენელს, თორნიკე ბარათაშვილს გელათის ხარაჩოებზე "ბოდიალი" აუკრძალა.
ავტორი: ნიუპრესი