გენდერული და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელი გარემოება იქნება
გენდერული და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.
“სისხლის სამართლის კოდექსში“ შს სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
პროექტი, რომელიც შსს-მ პარლამენტს წარუდგინა, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ფემიციდის ცალკე მუხლად გატანას არ ითვალისწინებს.
კოდექსში დაგეგმილი ცვლილება გულისხმობს გენდერის ან გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როგორებიცაა: მკვლელობა (მუხლი 109), თვითმკვლელობამდე მიყვანა (მუხლი 115), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 117), ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (მუხლი 118).
ამასთან, სსკ-ის 109-ე მუხლს დამამძიმებელ გარემოებად ემატება მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო სსკ-ის 117-ე მუხლს დამამძიმებელ გარემოებად ასევე ემატება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც ასევე დამამძიმებელი გარემოება იქნება 118-ე მუხლისთვის.
ავტორი: ნიუპრესი