|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განიხილა

 ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

 საბჭოს ინიციატივები მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფას, ასევე ქალაქში მორიგე ბაღის არსებობას, მოხუცთა თავშესაფრის ცენტრს, ბაღების ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

საბჭოს წევრის ნოდარი ჯიქიას თქმით, გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის აუცილებელია ყველა მუნიციპალიტეტში საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოები ახდენდნენ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტების განხილვას. მისივე თქმით, საბჭო უახლოეს მომავალში უკვე მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად გაივლის ფინანსურ ასიგნებებს.

"გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად თვითმმართველობის საბიუჯეტო პროგრამები უნდა ითვალისწინებდეს გენდერული თანასწორობის მიღწევას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლეთან ერთად გავიარეთ ქუთაისის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები, როგორც შემოსავლების ასევე, გასავლების კუთხით" , - განაცხადა ნოდარ ჯიქიამ, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას თქმით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა საბჭოს მიერ უფრო დეტალურად უკვე უახლოეს დღეებში მოხდება. მისივე თქმით საბჭოს რეკომენდაციებში აისახება ქალაქში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის საჭირო საპროგრამო იდეები. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი