|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი გახარია: კლუბებში ნარკოტიკები სისტემატურად იყიდებოდა

შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გატარებულ რეფორმებზე, სამომავლო გეგმებზე, ასევე 12 მაისს კლუბებში -„ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის ისაუბრა.

 გიორგი გახარიამ  მადლობა გადაუხადა  12 მაისის სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს და განაცხადა, რომ ჯერჯერობით მათ მიერ უფლებამოსილების გადამეტების ერთი ფაქტიც კი ვერავინ წარმოადგინა. მან ასევე ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც წინ უსწრებდა 12 მაისის სპეცოპერაციას. შს მინისტრის თქმით, ეს იყო სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც ფაქტობრივი მასალებით იყო დადასტურებული, რომ კლუბებში ნარკოტიკების გაყიდვა სისტემატურად მიმდინარეობდა.

„ეს ნიშნავს ჩვეულებრივ მოვლენას, როდესაც ჩვენ საკონტროლო შესყიდვების საფუძველზე პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ კლუბებში სისტემურად, სხვადასხვა დროს და რამდენჯერმე ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას. საკონტროლო შესყიდვის 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი გვაქვს როგორც კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, კლუბის შიგნით. არც ერთ კლუბში, სადაც საკონტროლო შესყიდვა არ გვქონდა განხორციელებული, არანაირი ღონისძიება არ გაგვიხორციელებია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მინისტრის თქმით,  დღეს ჩვენი პოლიცია ტექნოლოგიური დონით ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპის ნორმებსაც, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ დანაშაულთან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტური. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და მართლწესრიგი შს სამინისტროს ძირითადი ამოცანაა და საზოგადოების მხრიდან მართლწესრიგზე, უსაფრთხოებასა და საპოლიციო სერვისებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. გახარიას შეფასებით, ეს გასაგებია, ვინაიდან რეგიონში გამოწვევები იზრდება და ეს გამოწვევები ხდება უფრო მრავალფეროვანი.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი