გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურებელს ნინო წილოსანი წარუდგინა(R)
მინდა, როგორც თქვენმა მეგობარმა, გთხოვოთ, ყველამ ერთად, ყველას მონაწილეობით შევქმნათ ის ერთიანი, ძლიერი ენერგია, რომელიც მძივებად აკინძავს მთელ საქართველოში, თუნდაც ყველაზე პატარა პოზიტიურ მუხტს და ამ ქვეყანას გააერთიანებს,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე.
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ჩოხატაურებელს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი-ნინო წილოსანი წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ წინაასარჩევნო გარემოზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“ჩვენ არ ვართ დღესდღეობით ძალიან მდიდარი ქვეყანა და ჩვენი ბიუჯეტი არ არის ყოვლისშემძლე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ყველა ადამიანის ჯანდაცვაზე ვიზრუნეთ, ყველა ადამიანის ჯანმრთელობა გახდა სახელმწიფოს საზრუნავი და აღარ არის საჭირო ქონების გაყიდვა იმისათვის, რომ იმკურნალო. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ძალიან დიდი ნაწილი არის დამუშავებული, გასარწყავიანება გაიზარდა ორჯერ საქართველოში და ეს არის პირდაპირ მისული შემოსავალი სოფლად მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი და ჩვენ ერთი წამით არ გვიფიქრია, რომ მივაღწიეთ საწადელს. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ რეგიონებში ის გაჭირვება აღმოვფხვრათ საბოლოოდ, რომელიც დღეს კიდევ არსებობს,”-აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურის მოსახლეობას ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა გააცნო, რაც, მისი თქმით, საქართველოს ახალ სივრცითი მოწყობას ანუ ინფრასტრუქტურულ განვითარებას გულისხმობს.
“ეს იქნება ახალი საქართველო, აბსოლუტურად განსხვავებული ევროპული ხარისხის ინფრასტრუქტურით და ეს არის რეალობა. უნდა აშენდეს უამრავი ხიდი, გვირაბი, ავტობანი, რაიონული გზები, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები და ეს მარტო გზების მშენებლობა არ არის. ეს არის გაზიფიცირების დასრულება - არ უნდა დარჩეს სოფლები ბუნებრივი აირის გარეშე, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია, რომ მიყვანილი იქნას,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ყველაზე დიდი პრიორიტეტი უნდა იყოს მომავალი თაობის განათლება, რომელის გარეშეც შეუძლებელია წინსვლაზე საუბარი.
“დღეს თუ ჩვენ არ დავხარჯეთ რესურსი, თუ არ ჩავდეთ ინვესტიცია იმაში, რომ პედაგოგი იყოს წელში გამართული, იმაში რომ ბავშვებმა ისწავლონ ნორმალურად მოწყობილ ინფრასტრუქტურაში, ნორმალურ სკოლებში, საბავშო ბაღებში, შეუძლებელია რაიმე მომავალზე ლაპარაკი. ამიტომ, ვაცხადებთ, განათლება იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება, ინფრასტრუქტურა განახლდება და სახელმწიფო გახდება ადამიანზე ორიენტირებული კიდევ უფრო მეტად,”-განმარტა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ 20 დღე დარჩა არჩევნებამდე, რომელმაც უნდა განაპირობოს მომავალი 4 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყანაში, განვითარება და თიოთოეულ ოჯახში მიტანა იმ კეთილდღეობის, რომელიც საქართველოში შეიქნება.
“ეს იქნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთო ყველაზე წარმატებული პერიოდი და მე ნამდვილად არ მეშინია ამის თქმის, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ პროფესიონალების, გულანთებული ადამიანების გუნდი ვართ. დარწმუნებული ვარ ჩვენი პროფესიონალიზმით, სამშობლოსადმი სიყვარულით, ამას შევძლებთ. სამშობლოს სიყვარული იწყება, პირველ რიგში, ერთი რიგითი ადამიანის სიყვარულიდან და ეს უნდა გვახსოვდეს. თუ შენ არ გიყვარს ერთი უბრალო, რიგითი ადამიანი, თუ არ შეგიძლია მისი ტკივილის მიტანა გულთან, მაშინ შენგან ძალიან შორს არის სამშობლოს სიყვარული და საერთოდ საუბარი არ შეიძლება იმაზე, რომ შენ სამშობლოსთვის რამის გაკეთება გსურს. ჩვენ ვართ ძალიან დიდი პოტენციის მატარებელი ქვეყანა და ჩვენ ეს პოტენცია, უბრალოდ, უნდა ავამუშაოთ,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურში გამართულ შეხვედრაზე.
ჩოხატაურის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, რაც ყველაზე მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეცვალა.
„ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად გამოვიარეთ 2012 წელს. ჩვენ ყველა, თითოეული თქვენთაგანი, გავერთიანდით პარტია „ქართული ოცნების“ ირგვლივ, გავერთიანდით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, რომ გვებრძოლა იმ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც 9 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ჩვენს ხელისუფლებას. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ წინა ხელისუფლება, როგორც ეს მშვიდობიან, განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, არჩევნების გზით გავისტუმრეთ. ჩვენ მოვახერხეთ, მოვიპოვეთ ყველაზე ძვირფასი-თავისუფლება და თქვენ, გურულებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიყოთ თავისუფლები. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს საქართველოში განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანები არ იდევნებიან. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო ასეთი ადამიანების მიმართ. თითოეულმა თქვენთაგანმა,თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს სამწუხაროდ საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გამოვიარეთ. გამოვცადეთ ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს მეგობრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე. ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში ვერასდროს ვერ დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც იძალადებს საკუთარ მოქალაქეებზე,რომელიც იძალადებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
კახა კალაძის თქმითვე, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში ადამიანი ხელშეუხებელი იქნება.
„ ჩვენი მთავარი ღირებულებები, თავისუფლება იქნება ხელშეუხებელი და ვერავინ ვერ გაბედავს ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობას, შეურაცხყოფას. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი, მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა ორიენტირებულია იმაზე, რომ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ქვეყნის ეკონომიკურად სწრაფად განვითარება, რომ შესაძლებელი იყოს მეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. შესაძლებელი იყოს ახალი სოციალური პროექტების განხორციელება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთობლიობით ამას აუცილებლად მოვახერხებთ და გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომბერს, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ წარმატება და წინსვლა ჰქვია. ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს წამოვიწყეთ. მინდა გაგამხნევოთ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.
ამასთან, კახა კალაძემ საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა.
„ძალიან დიდი მუხტია საზოგადოებაში. ჩვენ ჩავდივართ ყველა რეგიონში, ყველა რაიონში, ქალაქებში ვხვდებით მოსახლეობას და მინდა ყველას მოგიწოდოთ ერთად დგომისკენ. ჩვენ უნდა დავამთავროთ ეს დაპირისპირებები. უნდა ვიყოთ უფრო კონსტრუქციულები, საქმეზე ორიენტირებულები, რადგან საზოგადოებაც, ხალხი დაიღალა ამდენი დაპირისპირებებით, შეურაცხყოფების მიყენებით ერთმანეთის მიმართ. უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემაა საჭირო და ჩვენ ამ პოლიტიკურ კულტურას თქვენთან ერთად აუცილებლად შევცვლით ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, მინდა გისურვოთ წარმატებები, მინდა გისურვოთ ის, რომ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი თითოეული თქვენთაგანისთვის“,-დასძინა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
ავტორი: ნიუპრესი