|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დებატების გამართვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის სხდომა დატოვა. 

საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დებატების სახე მიეცათ დისკუსიისთვის და გარკვეული კითხვებისთვის პასუხი გაეცა. საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა და პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვის საშუალება ექნებოდა.

„ეს არ არის დებატები, როდესაც მე ვისმენ ერთმანეთის მიყოლებით განცხადებებს და არ მაქვს შესაძლებლობა, ჩავერთო დისკუსიაში. ასე, რომ თუ რაიმე პროცედურული თემა არის გასავლელი, გავიაროთ და მომეცით საშუალება, დისკუსიაში შევიდე პატივცემულ დეპუტატებთან“, - მიმართა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

„სხდომა მე მიმყავს, ბატონო გიორგი, ჩემი მოვალეობაა რეგლამენტის დაცვა. დებატების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტში 1995 წლიდან, როდესაც თქვენი მეგობარი ბატონო ზურაბ ჟვანია იყო პარლამენტის თავმჯდომარე და იმის მერე ეს წესი არ შეცვლილა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ არასწორია, რასაც პრეზიდენტი აკეთებს.

„მე არ მახსოვს, რომ პრეზიდენტს არ ჰქონოდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. გააკეთეთ ისეთი ცვლილება, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა. მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას, შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი