გიორგი ვაშაძე: საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დიდი ეჭვებით უყურებენ
ქართულ ოცნებას“ აქვს არასანდო პარტნიორის, მატყუარას და გადამგდების იმიჯი. 19 აპრილის შეთანხმების და ძალიან ბევრი ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე. საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები უმაღლეს დონეზე ძალიან დიდი ეჭვებით უყურებენ. სამწუხაროდ, ის ეჭვების პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და კითხვებს აჩენს საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებაში. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა არ ხდება ვაშინგტონში. „ქართული ოცნება“ და საქართველოს თემა საერთოდ გამქრალია განხილვებიდან“,- ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი დონის შეხვედრებზე გააჟღერა.
„მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ამერიკა არის ქართველი ხალხის გვერდით და ის ყოველთვის დაგვიჭერს მხარს როგორც უსაფრთხოების, ისე მშვიდობიანი განვითარების კუთხით. მაგრამ სამი მთავარი დასკვნაა ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც მინდა გაგიზიაროთ.
ჩვენ დავაყენეთ საკითხი საქართველოსთვის დახმარების შესახებ თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით. ლენდ ლიზი უკრაინას პირველ რიგში, მაგრამ შეიარაღების კუთხით დახმარება საქართველოს. დიახ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობა და არ მოხდეს თავდასხმა რუსეთიდან საქართველოზე. ჩვენ დავაყენეთ საკითხი საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის მიცემის შეთანხმებასთან დაკავშირებით,
ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ნატოს სამიტზე მადრიდში დაიწყოს პირდაპირი საუბარი საქართველოსთვის მაპის მინიჭების თაობაზე. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე.
ჩვენ ამ საკითხებს ვაყენებთ, მაგრამ ჩვენ წარმოვადგენთ ოპოზიციას. ამ საკითხებს უნდა აყენებდეს „ქართული ოცნება““,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი: ნიუპრესი