გიორგი ჭიღვარიამ სადაო მშენებლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ქალაქის მერმა მშენებლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მერიაში განმარტავენ, ტერიტორიის გასხვისება და მასზე მშენებლობის ნებართვის გაცემა წინა მერის საქმიანობის დროს მოხდა. ტერიტორია 2017 წლის 25 მაისს გასხვისდა და მშენებლობაზე ნებართვა 2017 წლის 13 ივნისს გაიცა. გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით კი, ადგილზე ყველანაირი სახის სამუშაო შეწყდა.
,,ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული ზონა და მწვანე საფარი იყოს ქალაქში. ჭავჭავაძის # 46-ში გავეცი მითითება, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ადგილზე ყველა სახის სამუშაო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მფლობელის წინააღმდეგ მკაცრი საჯარიმო სანქციები გატარდება,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მერის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში მოქალაქე ლევან გიორგაძეს განემარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი სამუშაოების შესრულების ვადის ამოწურვა გახდა, რომელიც 5 თვის ვადით იყო განსაზღვრული.
შეგახსენებთ, მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და ქალაქის მერს მშენებლობის შეჩერება მოთხოვეს.
ავტორი: ირინა მაკარიძე