“გირგვლიანის შესწორებების” ფარგლებში ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლში შევა
“გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლში და აგრეთვე კოდექსს დაემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი, ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას.
წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას.
პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ.
ამ სახის ცვლილებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების ან დავალების შესრულება დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება შემსრულებელს.
გარდა ამისა, შესწორებების ერთ-ერთი მიზანი არის გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება.
კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში დღეს მოხდება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
ავტორი: ნიუპრესი