"გთხოვ, მასუნთქე" - აბიტურიენტები გამოცდების დროს პირბადის გაკეთების მოთხოვნას აპროტესტებენ
"გთხოვ მასუნთქე"-ამ სლოგანით ქუთაისის მერიასთან აბიტურიენტებმა მდუმარე აქცია გამართეს. ახალგაზრდები განათლების სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ, როგორც რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას პირბადე უნდა ეკეთოთ.
მომავალი სტუდენტების განმარტებით, განათლების სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ეს გადაწყვეტილება მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.
"გვინდა, რომ გამოცდებზე მოიხსნას რეგულაცია და გაუქმდეს პირბადის აუცილებლობა, რადგან პრობლემაა, როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის. პირბადე ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას, რაც ხელს შეგვიშლის გამოცდის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მათი თქმით, ისინი აპროტესტებენ პირბადის გაკეთებას არა გამოცდაზე შესვლის დროს, არამედ უშუალოდ გამოცდის მიმდინარეობისას.
შეგახსენებთ, 2020 წლის გამოცდების დროს იკრძალება ოთახებში კონდიციონერების ჩართვაც. საგამოცდო ოთახს კონდიციონერით სესიის დაწყებამდე გააგრილებენ, ხოლო გამოცდის პერიოდში კონდიციონერი გამორთული იქნება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი