IDMC იმერეთში არჩევნებს RICDOG-თან ერთად დააკვირდება
ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი იმერეთში არჩევნებს RICDOG-თან ერთად დააკვირდება. ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა, რომელიც გულისხმობს 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გრძელვადიან და მოკლევადიან დაკვირვებას.
„იმერეთის მასშტაბით 17 გრძელვადიანი დამკვირვებელი უკვე გვყავს და რამოდენიმე ოლქზე გამოვლენილი შემთხვევები ანგარიშის სახით უკვე წარვადგინეთ. RICDOG ჩვენთვის სანდო პარტნიორია. ჩვენი ერთობლივი დაკვირვება არჩევნებზე იქნება ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური“ – ამბობს მიხეილ ჭიღლაძე, ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
თანამშრობლობის ფარგლებში შეიქმნება ონლაინ სივრცე, სადაც ოლქებში გამოვლენილი შემთხვევები ანგარიშის სახით განთავსდება.
„გასულ წელს ქუთაისში, 48-ე ოლქში ვაკვირდებოდით საპარლამენტო არჩევნებს. წელს IDMC–თან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გვაძლევს საშუალებას იმერეთის მასშტაბით ვიყოთ ჩართული სადამკვირვებლო პროცესში. მიხარია, რომ პროფესიონალი პარტნიორი გვყავს და რომ მათ პარტნიორორბის თვალსაზრისით ყურადღება RICDOG-ზე შეაჩერა“ – აღნიშნა გვანცა თოთაძემ, RICDOG გენერალურმა მდივანმა.
IDMC და RICDOG ოქტომბრის დასაწყისში ე.წ. მედიაცენტრს გახსნიან. ცენტრი მუდმივ რეჟიმში მიაწოდებს ჟურნალისტებს ინფორმაციას იმერეთის მასშტაბით გამოვლენილ შემთხვევებზე. ასევე, არჩევნებამდე და უშუალოდ არჩევნების დღეს, 21 ოქტომბერს ცენტრი სრული დატვირთვით იმუშავებს და ნებისმიერ მედიასაშუალებას შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ცენტრის სერვისებით.
ავტორი: ნიუპრესი