"იმედებს ვამყარებ ამ სასწავლებელზე, ვიცი, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა"- გიორგი მაჩიტიძე
გიორგი მაჩიტიძე მომავალი პროგრამისტია, ის ერთ-ერთია, ვინც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. გიორგი თავისი არჩევანით კმაყოფილია და თვლის, რომ "მომავლის უნივერსიტეტის" სტუდენტი გახდა.
როგორც ამბობს, მან "პირველი არჩევანი" სწორედ ამ სასწავლებელზე შეაჩერა და ყველაზე მოთხოვნადი - კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა აირჩია.
"იმედებს ვამყარებ ამ სასწავლებელზე, ვიცი, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და რამდენიმე წელში, ალბათ, უფრო წარმატებული გახდება. როგორც აცხადებენ, საუკეთესო ლაბორატორიებით არის აღჭურვილი და კვლევითი ცენტრის გახსნაც იგეგმება. ლექციებს ქართველებთან ერთან უცხოელი ლექტორები წაგვიკითხავენ, სწავლაც ინგლისურად იქნება, მაგრამ ეს არ მაშინებს, ვფიქრობ, ენობრივი ბარიერი არ მექნება, შესაძლოა, თავიდან ცოტა გაგვიჭირდეს, მაგრამ, მოკლე ხანში, შევძლებთ სრულად ჩართვას“, - ამბობს გიორგი მაჩიტიძე "ნიუპრესთან" საუბრისას.
გიორგი ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მატემატიკური საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, როგორც ამბობს, სკოლაში მათემატიკის წრეებზეც დადიოდა და კონკურსებსა და ოლიმპიადებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა უფრო დაბალ კლასებში. ამბობს, რომ რეპეტიტორების დახმარების გარეშე ეროვნულ გამოცდებზე გასვლა მაინც ვერ გარისკა და ბოლო წელს "თავის დაზღვევის" მიზნით, მასწავლებლებთან იარა. სკოლაში მიღებულ ცოდნასთან ერთად, თვლის, რომ ესეც დაეხმარა სასურველი შედეგის მიღწევაში.
გიორგის თქმით, მასთან ერთად საერთაშორისო უნივერსიტეტში მისი 2 თანაკლასელი ჩაირიცხა, KIU-ში კი მისი ათამდე სკოლელი ისწავლის.
პირველკურსელისათვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის კეთილმოწყობილ კამპუსში იცხოვრებს.
„პანდემიის გამო სწავლის დაწყება ოქტომბრამდე გადაიდო, პირველში უნდა მივიდეთ და დავბინავდეთ, კამპუსში უნდა ვიცხოვრო, რაც ძალიან მახარებს, 5 ოქტომბრიდან კი უკვე ლექციები დაგვეწყება", - ამბობს გიორგი.
რაც შეეხება უნივერსიტეტის უცხოურ კონტაქტებს, მისი აზრით, ეს უმოკლესი გზაა ევროპული დონის განათლების მისაღებად. მისი თქმით, სასწავლებლის არჩევისას გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობა მთავარი ფაქტორი არ ყოფილა, მაგრამ ესეც საინტერესოა.
ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) წელს პირველ სტუდენტებს მიიღებს. უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) 1112 სტუდენტი დარეგისტრირდა, თუმცა მხოლოდ 245-მა შეძლო ბარიერის დაძლევა.
KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში.
ავტორი: ნიუპრესი